აშშ

ტრამპი: აშშ-ს უფლება აქვს დაკავებული არალეგალი მიგრანტები თავშესაფარ ქალაქებში გადაიყვანოს

დონალდ ტრამპი
AFP

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ სურს არალეგალი მიგრანტები თავშესაფარმა ქალაქება მიიღონ. ეს ის ქალაქებია, რომელებიც საიმიგრაციო პოლიტიკის თაობაზე ფედერალურ მთავრობასთან შეზღუდულად თანამშრომლობენ და ამ მიმართულებით საკუთარი პოლიტიკა აქვთ. მსგავსი პოლიტიკა აშშ-ის თითქმის ყველა დიდ ქალაქს აქვს.

დონალდ ტრამპი დიდი ხანია ეწინააღმდეგება მსგავს პოლიტიკას. მან ამის შესახებ ტვიტერზეც დაწერა:

"დემოკრატებმა სასწრაფოდ უნდა შეცვალონ საიმიგრაციო კანონი. წინააღმდეგ შემთხვევაში თავშესაფარმა ქალაქებმა უნდა იმოქმედონ და მოუარონ არალეგალ მიგრანტებს, მათ შორის ბანდების წევრებს, ნარკოდილერებს, ტრეფიკინგში დამნაშავეებს და ყველა ფორმის, ზომის და ტიპის კრიმინალს. შეცვალეთ კანონი ახლავე!"

"ახლახანს გაირკვა: აშშ-ს სრული ლეგალური უფლება აქვს დაკავებული არალეგალი მიგრანტები თავშესაფარ ქალაქებში გადაიყვანოს. ჩვენ მოვითხოვთ, რომ მათ უმაღლეს დონეზე მოუარონ, განსაკუთრებით კალიფორნიის შტატმა, რომელიც ცნობილია ცუდი მენეჯმენტით და მაღალი გადასახადებით!"

დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ ამით ტრამპი მათზე თავდასხმას და ამისათვის იმიგრანტების გამოყენებას ცდილობს, რაც საზოგადოების კიდევ უფრო გახლეჩას შეუწყობს ხელს.

თეთრი სახლის სპიკერის, სარა სანდერსის თქმით ტრამპის მიერ გაჟღერებული იდეა განიხილება, თუმცა პირველი არჩევანი არ არის.

"ეს ვარიანტიც მაგიდაზეა. პრეზიდენტმა გაიგონა ეს იდეა, მას ის მოსწონს, ამიტომ განვიხილავთ შესაძლებლობებს მისი განხორციელებისათვის და ვატარებთ გამოკვლევას." თქვა მან.

"ძალია საინტერესოა იმის ნახვა, რომ ოუკლენდის და სხვა თავშესაფარი ქალაქების მერებს არ სურთ ჩვენს მიერ დაკავებული მიგრანტების მიღება მას შემდეგ რაც სასაცილო სასამართლო გადაწყვეტილების შედეგად გავათავისუფლებთ მათ. თუ მათ არ სურთ ემსახურონ ჩვენს ქვეყანას, სხვა ქალაქებს რატომ უნდა სურდეთ?" დაწერა დონალდ ტრამპმა.

ტრამპის ამ ტვიტს ოუკლენდის დემოკრატი მერი გამოეხმაურა და თქვა, რომ ეს ძალაუფლების გადაჭარვებაა და ტრამპი მისი პოზიციის თაობაზე ცდება.

"დროა შეწყვიტოთ სიძულვილის და დაყოფის გაღვივება. მე მუდამ ნათლად ვამბობ: ოუკლენდი მიესალმება ყველას, მიუხედავად იმისა საიდან მოდიან და როგორ მოვიდნენ." დაწერა მან.

კომენტარები