კობახიძის კანონპროექტი

"ოცნებას" უნდა, კობახიძის კანონპროექტს კომიტეტზე ვენეციის კომისიის დასკვნამდე უყაროს კენჭი

0 კომენტარი

ქართული ოცნების დეპუტატებს, მათ შორის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილს სურს, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის კანონპროექტს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით კენჭი ვენეციის კომისიის დასკვნამდე ერთი დღით ადრე უყარონ. 

ვენეციის კომისიის დასკვნა კანონპროექტთან დაკავშირებით ხვალ, 16 აპრილს გამოქვეყნდება, ხოლო უმრავლესობის წევრები კანონპროექტისთვის კენჭისყრას დღეს აპირებენ, რასაც ოპოზიციის წარმომადგენლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრების უკმაყოფილება მოყვა. 

ევროპული საქართველოს დეპუტატმა, გიგა ბოკერიამ, მმართველ გუნდს შესთავაზა კანონპროექტი განიხილონ, თუმცა კენჭი არ უყარონ, რადგან არავინ იცის, როგორი იქნება ვენეციის კომისიის შეფასება კანონპროექტთან დაკავშირებით. 

"მესმის, რომ თქვენ დიდი იმედი გაქვთ და, სხვათა შორის, უნდა გვითხრათ, რამე წინასწარი ინფორმაცია ხომ არ გაქვთ ვენეციის კომისიის დასკვნის შესახებ, უნდა გვითხრათ, ეს ხომ უსამართლობა იქნება თქვენ თუ უპირატესობა გექნებათ, რომ იცით ამ დასკვნაში რაც წერია, ხო? ხომ არ იცით? უბრალოდ, მანიშნეთ, ხომ არ იცით შემთხვევით? ანუ წინ გინდათ წაიგდოთ საქმე. მოდით, მე გთავაზობთ კომპრომისს. წავიგდოთ წინ საქმე, ოღონდ შევთანხმდეთ, რომ დღეს ამას კენჭს არ ვუყრით. იმიტომ, რომ ბატონო ანრი [ოხანაშვილი] ხომ შეიძლება, რომ თქვენც კი შეცდომა მოგივიდეთ და ვაიმე და, მოგატყუეს და საშინელი დასკვნა მოვიდეს ვენეციის კომისიიდან და მერე სესიაზე უნდა განვიხილოთ და კომიტეტი გამოვტოვოთ. მოდი, დავიწყოთ საქმე, კი ბატონო, გეჩქარებათ. განვიხილოთ, ოღონდ შევთანხმდეთ, რომ კენჭს არ ვუყრით, სანამ არ ვნახავთ იმ ორგანიზაციის დასკვნას, რომელსაც თქვენით თქვენი უაღრესად კეთილი ნებით მიანიჭეთ კომპეტენცია," - მიმართა ანრი ოხანაშვილს ბოკერიამ. 

პასუხად ოხანაშვილმა ბოკერიას ტრადიციულად ხელისუფლებაში ყოფნის წლები შეახსენა და უთხრა, რომ ვერ ხედავს საჭიროებას, რატომ არ უნდა უყაროს კენჭი კონტრავერსიულ კანონპროექტს, რომელზეც ვენეციის კომისიას ჯერჯერობით დასკვნა არ გამოუქვეყნებია. 

"ჩვენ პოზიცია ეს გვაქვს, რომ ეს რეკომენდაციები იქნება გაანალიზებული ხვალიდან და პლენარულ სხდომაზე იქნება გათვალისწინებული. შესაბამისად, საჭიროება იმისა, რომ ჩვენ დღეს კენჭი არ ვუყაროთ ამ საკითხს, მე ვერ ვხედავ,"- თქვა ოხანაშვილმა. 

დეპუტატებთან ერთად კანონპროექტის განხილვას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მოქალაქეები ესწრებიან, რომელთაც პროტესტის ნიშნად შავი მაისურები აცვიათ, წარწერით "კლანი უნდა წავიდეს". 

20 მარტს საზოგადოებრივი პროტესტის მიუხედავად 89 ხმით პარლამენტმა მოსამართლეთა შერჩევის შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო. 

კანონპროექტი "საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანულ კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს და უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნი მოსამართლეების შერჩევის პროცედურებსა და კრიტერიუმებს განსაზღვრავს. 

კანონპროექტს ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრთა ნაწილი მწვავედ აკრიტიკებს და მას "ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანისთვის შეკერილ მანტიას" უწოდებს.

რა წერია "კობახიძის კანონპროექტში", ვრცლად წაიკითხეთ აქ

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ისანში ინდოეთის მოქალაქის მკვლელობის ბრალდებით მისი მეზობელი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები