ირაკლი კობახიძე

კობახიძე: ჩვენს ინტერესებშია ჯანსაღი ოპოზიცური პარტიის შექმნა, რომელიც ენმ-ს ნიშას წაართმევს

ირაკლი კობახიძემ თავისი ყოფილ თანაგუნდელების პოლიტიკური შანსები შეაფასა, რომლებიც მოძრაობაში "დაიცავი საქართველო" გაერთიანდნენ. 

პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ისინი 3%-იან ბარიერსაც ვერ გადალახავენ და რომ "ასეთი სახეებით ვერც ერთი პარტია ვერ შეიტანს წვლილს დემოკრატიული სისტემის განვითარებაში". 

"3%-იანი ბარიერის პირობებში არის მაღალი ცდუნება, რომ კონკრეტულმა ადამიანებმა ჩამოაყალიბონ პარტიები, უფრო მარტივია 3%-იანი ბარიერის გადალახვა, ვიდრე 5%-იანის, აქედან გამომდინარე არის ეს ინტერესი. თუ გაჯანსაღდება ოპოზიციური სპექტრი, ეს მხოლოდ და მხოლოდ წაადგება ქართული დემოკრატიის განვითარებას. თუმცა ასეთი სახეებით ვერც ერთი პარტია ვერ შეიტანს წვლილს დემოკრატიული სისტემის განვითარებაში.

ზოგადად, საერთო სურათს თუ ვნახავდით, ლიდერებს, რომლებიც იყვნენ დარბაზში წარმოდგენილი, ცალსახაა, რომ ამ გაერთიანებას ძალიან გაუჭირდება 3%-იანი ბარიერის გადალახვაც კი. როდესაც მინუსით იწყებ, ამ სახეებით, ბუნებრივია 3%-მდე ასვლა არის ძალიან რთული". 

კობახიძემ ასევე თქვა, რომ მნიშვნელოვანია ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების შექმნა, რათა ნაციონალურ მოძრაობას მონოპოლია წაერთვას. 

"ჩვენს ინტერესებშია, რომ ჯანსაღი ოპოზიციური პარტიები ჩამოყალიბდეს. გაჩნდეს ახალი პარტიები, დღეს არის ოპოზიციაში შექმნილი არაჯანსაღი ვითარება. თითქმის მონოპოლიზებული აქვს ოპოზიციური ნიშა "ნაციონალურ მოძრაობას", იმ პარტიას, რომელსაც აქვს უმძიმესი წარსული. აქედან გამომდინარე, თითოეული ჩვენგანის ინტერესებში უნდა იყოს ჯანსაღი ოპოზიციური პარტიების გაჩენა, რომელიც ამ ნიშას წაართმევს ასეთ პოლიტიკურ ძალას. აქედან გამომდინარე, მივესალმებით ნებისმიერი ჯანსაღი ოპოზიციური პარტიის გაჩენას, თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ასეთი პარტიები, სამწუხაროდ, წინ ვერ წავა", - თქვა კობახიძემ.  

მოძრაობა "დაიცავი საქართველოს" პრეზენტაცია ფილარმონიაში 13 აპრილს შედგა. მისი ლიდერი დავით მაღრაძეა

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ თბილისის საკრებულოს წევრები, რომლებმაც ქართული ოცნება რამდენიმე დღის წინ, 11 აპრილს დატოვეს - ვატო შაქარიშვილი და ჯაბა ჯიშკარიანი. შეხვედრას ესწრებოდნენ მმართველი გუნდის ყოფილი წევრები პარლამენტიდანაც - ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, ზვიად კვაჭანტირაძე, ლევან გოგიჩაიშვილი.

გარდა ამისა, "დაიცავი საქართველოს" შეკრებაზე მივიდნენ ბექა ნაცვლიშვილი, კობა ნარჩემაშვილი, ირაკლი ბათიაშვილი, დავით უსუფაშვილი, მამუკა არეშიძე, ხათუნა ლაგაზიძე, ლევან ლორთქიფანიძე.

კომენტარები