Tbilisi Open Air 2019

"თანასწორობისა და მრავალფეროვნების 10 წელი" - Tbilisi Open Air-მა სოციალური კამპანია დაიწყო

Tbilisi Open Air / AlterVision

"თანასწორობისა და მრავალფეროვნების 10 წელი" - ასე ჰქვია სოციალურ კამპანიას, რომელიც Tbilisi Open Air-ის ინიციატივით დაიწყო. კამპანიის ფარგლებში 8 ადამიანი თანასწორობისა და მრავალფეროვნების იდეაზე საუბრობს.

პროექტში 8 ადამიანი მონაწილეობს - ირაკლი ნადარეიშვილი (Tbilisi Open Air-ის გენერალური პროდიუსერი), მარიამ სანოგო (მოდელი), ანასტასია პირველი (მომღერალი), რუსუდან გოცირიძე (საქართველოს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი), ნიკა დვალიძე (ჟურნალისტი/პიარ მენეჯერი), ანუშკა ჩხეიძე (მუსიკოსი), ერეკლე დეისაძე (მუსიკოსი), ნათია ჩიქოვანი (მარკეტერი/მოდელი).

15 აპრილიდან ფესტივალის სოციალური მედიის ანგარიშებზე ვიდეოები ყოველდღიურად განთავსდება. თითოეული მონაწილე კი თანასწორი და მრავალფეროვანი გარემოს მნიშვნელობაზე ისაუბრებს. პირველი ვიდეო უკვე მზადაა:

Tbilisi Open Air-ის ორგანიზატორთა აზრით, ფესტივალს, რომელიც ყოველწლიურად მრავალ ათას ადამიანს უყრის თავს, გააჩნია პასუხისმგებლობა, თანასწორობისა და მრავალფეროვნების იდეის განვითარებას შეუწყოს ხელი.

"ფესტივალის პირველი წლის სლოგანი, "მუსიკა ათავისუფლებს" დღეს უკვე თავისთავად გვკარნახობს ფესტივალის როლს სოციუმში თანასწორობისა და მრავალფეროვნების იდეის სტიმულირების მიმართულებით", - აღნიშნავენ ორგანიზატორები.

კომენტარები