ჯულიან ასანჟი

ეკვადორის პრეზიდენტის თქმით ჯულიან ასანჟი ლონდონში მათ საელჩოს ჯაშუშობისთვის იყენებდა

ჯულიან ასანჟი
Reuters

ეკვადორის პრეზიდენტის, ლენინ მორენოს თქმით ჯულიან ასანჟი ლონდონში მათ საელჩოს ჯაშუშობისთვის იყენებდა. მისივე თქმით ასანჟისათვის თავშესაფრის გაუქმების გადაწყვეტილებაზე გავლენა სხვა ქვეყანას არ მოუხდენია.

"დესტაბილიზაციის ნებისმიერი მცდელობა ეკვადორისათვის მიუღებელია იმიტომ, რომ ჩვენ სუვერენული ქვეყანა ვართ და სხვა ქვეყნების პოლიტიკას პატივს ვცემთ. ვერ დავუშვებთ რომ ჩვენი სახლი, სახლი, რომელმაც კარი გახსნა, ჯაშუშობის ცენტრად აქციონ."

შეგახსენებთ, რომ ასანჟი ლონდონში ეკვადორის საელჩოში გასულ კვირას დააკავეს. ის საელჩოს თავს 2012 წლიდან აფარებდა. მას სექსუალური ძალადობისათვის გასამართლება ემუქრება. მისი დაკავების ორდერი შვედეთს ჰქონდა გაცემული გაუპატიურების ბრალდების გამო. ასანჟი ბრალდებას უარყოფს. მიუხედავად იმისა, რომ შვედეთმა ორდერი გააუქმა დიდი ბრიტანეთის მიერ გაცემული დაკავების ორდერი კვლავ ძალაშია.

პოლიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი საელჩოში ეკვადორის ელჩმა მიიწვია მას შემდეგ, რაც ეკვადომა ასანჟს თავშესაფარის მინიჭება შეუწყვიტა.

"ჯულიან ასანჟი, 47 წლის, დღეს, ხუთშაბათს, 11 აპრილს, აშშ-ის ხელისუფლების სახელით დავაკავეთ 10:53-ზე, მას შემდეგ რაც მოიყვანეს ლონდონის პოლიციის ცენტრალურ დეპარტამენტში. ექსტრადიციის ორდერი არის ექსტრადიციის აქტის 73 სექციის მიხედვით. ის ვესტმინსტერის სასამართლოს წინაშე უახლოეს პერიოდში წარდგება." ნათქვამია განცხადებაში.

აშშ ასანჟს ყოფილ ამერიკელ სამხედროსთან, ჩელსი მენინგთან ერთად ჰაკერულ შეთქმულებაში ადანაშაულებს.

საბრალდებო ოქმის მიხედვით ასანჟი მენინგს 2010 წლის მარტში სამთავრობო კომპიუტერებიდან საიდუმლო ინფორმაციის მოპარვაში დაეხმარა. ოქმი, რომელიც დღეს გასაჯაროვდა გასული წლის 8 მარტსაა ხელმოწერილი.

ასანჟი ამბობდა, რომ აშშ-იში მას WikiLeaks-ის მიერ ასობით ათასი საიდუმლო დოკუმენტის გამოქვეყნების გამო გაასამართლებდნენ და სიკვდილით დასჯიდნენ.

ეკვადორის პრეზიდენტის, ლენინ მორენოს თქმით ბრიტანეთმა მას გარანტია მისცა, რომ ასანჟის ექსტრადიცია არ მოხდება იმ ქვეყანაში, სადაც მას სიკვდილით დასჯა დაემუქრება.

"ადამიანის უფლებების და საერთაშორისო კანონებთან შესაბამისობაში, დიდ ბრიტანეთსვთხოვე არ მომხდარიყო ასანჟის ექსტრადიცია იმ ქვეყანაში, სადაც მას წამება ან სიკვდილით დასჯა დაემუქრებოდა. ბრიტანეთის მთავრობამ ეს წერილობით დამიდასტურა."თქვა მან ტვიტერზე გავრცელებულ ვიდეოში.

კომენტარები