ეკა მიშველაძის საქმე

უკანონო გათავისუფლება - ეკა მიშველაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელს დავა საბოლოოდ მოუგო

პირველი არხი

საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილმა წამყვანმა და ექსპრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის პრესსპიკერმა, ეკა მიშველაძემ, საზოგადოებრივ მაუწყებელს დავა საბოლოოდ მოუგო. 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, რომელიც სასამართლოში მიშველაძის ინტერესებს იცავდა, უზენაესმა სასამართლომ საზმაუს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად ცნო, რითიც ეკა მიშველაძესა და საზოგადოებრივ მაუწყებელს შორის მიმდინარე 3-წლიანი დავა საბოლოოდ დასრულდა. 

სასამართლოს სამივე ინსტანციამ დაადგინა, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ეკა მიშველაძე სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლა. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ქვედა ინსტანციების სასამართლოების შეფასება გაიზიარა იმასთან დაკავშირებით, რომ საზმაუმ არ გამოიყენა მის ხელთ არსებული საშუალება ეკა მიშველაძის ალტერნატიული სამუშაოთი უზრუნველსაყოფად და ვერც ის გარემოება დაამტკიცა, რომ ასეთი საშუალება არ გააჩნდა. 

"სასამართლომ მიუთითა, რომ ეკა მიშველაძეს მიჰყავდა საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიმართულების გადაცემები. გადაცემა "პირველი სტუდიის" დახურვის შემდგომ, "საზოგადოებრივ მაუწყებელზე" გავიდა ამ მიმართულების ოთხი ახალი გადაცემა.

მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს ესაჭიროებოდა შესაბამისი მიმართულების გადაცემის წამყვანები, ამასთან, წამყვანების შერჩევა მოხდა არა საკონკურსო წესით, არამედ თავად "საზოგადოებრივი მაუწყებელმა" შეარჩია ახალი წამყვანები, უზენაესმა სასამართლომ შეუსაბამოდ მიიჩნია, რომ დამსაქმებლის მიერ უპირატესობა არ მიენიჭა სწორედ ეკატერინე მიშველაძეს, რომელიც წამყვანის პოზიციას უვადო შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე იკავებდა,"- წერია საია-ს განცხადებაში. 

სასამართლო გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივ მაუწყებელს ეკატერინე მიშველაძის სასარგებლოდ კომპენსაციის გადახდა დაეკისრა.

ეკა მიშველაძემ საზოგადოებრივ მაუწყებლის წინააღმდეგ სარჩელი 2016 წლის მარტში შეიტანა მას შემდეგ, რაც არხმა მიშველაძის საავტორო გადაცემა "პირველი სტუდია" ახალი სეზონის დაწყების დროს დახურა. მიშველაძე ყვებოდა, რომ საზმაუს მაშინდელი გენერალური დირექტორის მრჩეველმა, ბასა ჯანიკაშვილმა, მას უთხრა, რომ პოლიტიკოს ალექსი პეტრიაშვილზე დაქორწინების გამო მას ინტერესთა კონფლიქტი აქვს.

წერილში, რომელიც ეკა მიშველაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლისგან მიიღო და Facebook-ის საშუალებით გაასაჯაროვა, წერია, რომ მის მიერ წარდგენილი პროექტის თემატიკის გადაცემები არხის ეთერში მრავლად არის, სწორედ ამიტომ, დამატებით, ცალკე პროექტის სახით მსგავსი ტიპის გადაცემის ჩაშვება მიზანშეწონილი არ არის. 

კომენტარები