საერთაშორისო სანქციები

კანდელაკი: ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედ კომპანიებს სანქციები უნდა დაუწესდეთ

ტაბულა

ევროპული საქართველოს დეპუტატი გიორგი კანდელაკი გამოდის ინიციატივით, დაევალოს საქართველოს მთავრობას, მოსთხოვოს ევროპის კავშირის ქვეყნებსა და აშშ-ს შემოიღონ სანქციები ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედი კომპანიების წინააღმდეგ.

კანდელაკმა ამის შესახებ 15 აპრილს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. ამ იდეით დეპუტატი ეხმაურება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებიდან Airbnb-ს მიერ განცხადებების მიღებას.

ცნობისთვის, ამერიკულმა კომპანიამ 2019 იანვარში განაცხადა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან მიღებულ განცხადებებს წაშლიდა. 9 აპრილს გამოქვეყნებულ პრეს რელიზში კი წერია, რომ Airbnb სადავო ტერიტორიებიდან კვლავაც მიიღებს განცხადებებს.

გიორგი კანდელაკის თქმით, აფხაზეთიდან ძალით განდევნილი ქართველების უძრავი ქონების გაქირავებით, რუსეთის მიერ განხორციელებული ეთნიკური წმენდის ერთგვარი ლეგიტიმაცია ხდება.

"შედარებისთვის, ყირიმიმში Airbnb და მსგავსი კომპანიები ვერ ოპერირებენ სწორედ იმიტომ, რომ იქ საერთაშორისო სანქციები მოქმედებს" - ამბობს ევროპული საქართველოს დეპუტატი.

„სწორედ ამას ვგულისხმობდით, როცა პრემიერ-მინისტრი ბახტაძე სტრასბურგში
ევროსაბჭოს ტრიბუნის არგამოყენებისთვის გავაკრიტიკეთ. პრემიერმა აღწერა ჩვენი
პრობლემები, მაგრამ არ უთქვამს რას ვითხოვთ, არ მოუთხოვია ევროკავშირის და
შეერთებული შტატების მიერ რუსეთზე დაწესებულ სანქციებში საქართველოს
ოკუპაციის თემატიკის შეტანა, მათ შორის ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე
ეკონომიკური საქმიანობის სანქცირება."

ევროპული საქართველო აპირებს პარლამენტში დაარეგისტრიროს რეზოლუციის პროექტი, რომლლითაც პარლამენტი მთავრობას დაავალებს, რუსეთის ფედერაციაზე დაწესებულ საერთაშორისო სანქციებში საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის, მათ შორის ამ ტერიტორიებზე ეკონომიკური საქმიანობის და ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია შეიტანოს.

კომენტარები