ტურიზმი

ეკონომიკის სამინისტრო: საქართველოში ტურიზმის საერთაშორისო კოლეჯი გაიხსნება

shutterstock

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში ტურიზმის საერთაშორისო კოლეჯის გახსნა იგეგმება. უწყებაში აღნიშნავენ, რომ სტუდენტებს იქ სასტუმრო, სარესტორნო და კულინარიული ბიზნესის ძირითად პროფესიებს შეასწავლიან.

შესაბამის მემორანდუმს დღეს ხელს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი და შპს "მაკინერნი ჰოსპიტალიტი ინტერნეშენალ ჯორჯიას" დირექტორი მაია წერეთელი მოაწერენ.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის მიზანია ქვეყნის შიდა და საერთაშორისო ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა და მომსახურების სფეროს გაუმჯობესება 2015-2025 წლების ტურიზმის ეროვნულ სტრატეგიასთან შესაბამისობით.

უწყებაში ამბობენ, რომ კოლეჯში სასწავლო კურსები ქართულ და ინგლისურ ენებზე იქნება. მათივე ცნობით, სპეციალური სასწავლო პროგრამა აშშ-ს სასტუმროებისა და განთავსების ასოციაციის სასწავლო ინსტიტუტის (AHLEI) სერთიფიცირებული კურსებისა და ევროპის წამყვანი ტურიზმის სკოლების კურსების მიხედვით შემუშავდება. 

კომენტარები