პოლიეთილენის პარკების აკრძალვა

პოლიეთილენის პარკების აკრძალვის რეგულაცია, შესაძლოა, დროებით შეჩერდეს

flickr.com

პოლიეთილენის პარკების აკრძალვასთან დაკავშირებული რეგულაცია, შესაძლოა, დროებით შეჩერდეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ პერიოდში ასეთი პარკები კვლავ გაიყიდება.

როგორც გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ გადაცემა "საქმიან დილაში" თქვა, აღმოჩნდა, რომ მწარმოებლებისთვის 6-თვიანი ვადა გადაიარაღებისთვის საკმარისი არ იყო. კახა კუჭავას ინფორმაციით, დეპუტატებს ჰქონდათ შეხვედრები კომპანიების წარმომადგენლებთან, რათა მათ წარმოედგინათ დოკუმენტაცია, რომლის მიხედვით დაასკვნიდნენ, რომ დრო ნამდვილად არასაკმარისი იყო.

უახლოეს პერიოდში იგეგმება კონსულტაციები გარემოს დაცვისა და ეკონომიკის სამინისტროებთან. გადაწყვეტილება ამის შემდეგ იქნება მიღებული. 

"ჯერ ვერ ვიტყვით, რომ 100%-ით გადაწყვეტილება მიღებულია, სანამ არ შევხვდებით მთავრობის წარმომადგენლებსაც. აუცილებელია, მათგანაც მოვისმინოთ არგუმენტები, აუცილებლად გვექნება შეხვედრა როგორც გარემოს დაცვის, ასევე ეკონომიკის სამინისტროსთან და უკვე შემდეგ მივიღებთ კონკრეტულ რეკომენდაციებს. თუ ეს მთავრობასთან იქნება, შეიძლება რაღაც საკანონმდებლო ცვლილებაზეც იყოს საუბარი. ამიტომ ჯერ წინასწარ არ ვიტყოდი.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი კომიტეტი მსგავს ინიციატივებს ყოველთვის დაუჭერს მხარს, მე არ მინდა ეს მოხდეს დაუფიქრებლად ან დაჩქარებულად. ადგილობრივი წარმოების განვითარებაზე, მცირე და საშუალო საწარმოების მოძლიერებაზე ვართ ორიენტირებული და არ უნდა მივიღოთ მოკლე დროში გაწერილი ისეთი გადაწყვეტილება, რომ მათ ხელი შეეშალოთ საქმიანობაში. თუ საბოლოო ჯამში მივალთ იმ დასკვნამდე, რომ გადაირაღებისთვის საჭიროა დამატებითი ვადა, რათა ეს კომპანიები არ გაჩერდნენ, ჩემი აზრით, უფრო გონივრული იქნება გვერდში დავუდგეთ", - თქვა კახა კუჭავამ.

მან გადაცემაში ასევე განმარტა, რომ რადგან რეგულაციები შემოღებული იყო მთავრობის დადგენილებით და არა საკანონმდებლო ცვლილებებით, პარლამენტს მწარმოებლებთან კონსულტაციები ამ დრომდე ამიტომ არ ჰქონია. კუჭავა ამბობს, რომ კომიტეტზე განხილვის შემთხვევაში ყველა დაინტერესებულ მხარეს ეძლევა აზრის გამოთქმის საშუალება, ამ შემთხვევაში კი ეს პროცესი არ იყო გავლილი და პარლამენტი მხოლოდ მარტის ბოლოს ჩაერთო - როცა მიმართეს.

აქვე, დეპუტატი დასძენს, რომ რეგულაციები მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო, რადგან ინიცირებული დაახლოებით ერთი წლის წინ იყო და კომპანიებს ამაზე ინფორმაცია ჰქონდათ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში პოლიეთილენის პარკების რეალიზაცია სრულად 1 აპრილიდან აიკრძალა.

კომენტარები