შალვა შავგულიძე

კახიძე: ეთანხმებით თუ არა, რომ გირგვლიანის საქმეში დამნაშავე შავგულიძეა და არა მურუსიძე?

ოთო კახიძე
პარლამენტი

ევროპული საქართველოს წევრმა, ოთო კახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის წევრებს ჰკითხა, იზიარებენ თუ არა ბიძინა ივანიშვილის აზრს, რომ სანდრო გირგვლიანის საქმეში დამნაშავე არა ლევან მურუსიძე, არამედ შალვა შავგულიძე იყო. 

"ივანიშვილის განცხადებით, თურმე სანდრო გირგვლიანის საქმეში დამნაშავე ყოფილა მისი ადვოკატი, რომელმაც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში დაამარცხა მაშინდელი ხელისუფლება და თავად ბატონი ივანიშვილი ლევან მურუსიძის ადვოკატად მოგვევლინა, რომელიც უზენაეს სასამართლოში განიხილავდა გირგვლიანის საქმეს და რომლის პირდაპირი ვალდებულება იყო სამართლიანი სასამართლოს უფლება ყოფილიყო გარანტირებული აღნიშნულ საქმეში. ჩემო კოლეგებო, თქვენი შეფასება მაინტერესებს, ეთანხმებით თუ არა თქვენი პარტიის თავმჯდომარის ამ განცხადებას, იზიარებთ თუ არა იმ მოსაზრებას, რომ გირგვლიანის საქმეში დამნაშავე იყო არა მურუსიძე, არამედ შავგულიძე? ეს ძალიან ნიშანდობლივი განცხადებაა, ეს ნიშნავს, რომ საერთოდ არანაირი არც მორალური ღირებულებები არსებობს და არის ფარისევლობის ზეიმი, როდესაც ივანიშვილისთვის თურმე ის საკითხები, რომელზეც კაპიტალიზებას ახდენდა ამდენი წლის განმავლობაში, თურმე არაფერს ნიშნავს. მისთვის ერთადერთი ღირებულება არის სასამართლოს გაკონტროლება და მურუსიძე სწორედ იმიტომ შეარჩია, რომ როგორც წინა ხელისუფლების პირობებში ასრულებდა წინა ხელისუფლების დაკვეთებს, ისე შეასრულებს ივანიშვილის დაკვეთებს. შალვა შავგულიძე კი არის სიმართლისთვის ბრძოლის სიმბოლო, არის სიმბოლო პრინციპულობის და სამართლიანობის და სწორედ ამიტომ დაგამარცხებთ თქვენც მურუსიძიანად როგორც არჩევნებზე, ისე მორალურადაც ნებისმიერ დისკუსიაში“, - მიმართა კახიძემ უმრავლესობას.

9 აპრილს ტვ იმედთან ინტერვიუში ივანიშვილმა სანდრო გირგვლიანის საქმეში ლევან მურუსიძის გასამართლებლად თქვა, რომ მურუსიძე საქმეს პირველ ინსტანციაში ვერ დააბრუნებდა, რადგან გირგვლიანის ოჯახის ადვოკატმა, შალვა შავგულიძემ, საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული განაჩენი სააპელაციო სასამართლოს ნაცვლად, უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა.

ივანიშვილმა ასევე თქვა: "აი ეს არის პარადოქსი ჩვენთვის რომ დღეს საზოგადოებაში შავგულიძე ასოცირდება როგორც გმირი, რომელმაც დაიცვა გირგვლიანების ოჯახი და მურუსიძე ასოცირდება როგორც მკვლელი". 

რა თქვა შალვა შავგულიძემ ივანიშვილის განცხადებების პასუხად, წაიკითხეთ აქ. 

კომენტარები