მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი ბოკერიაზე: ასეთი შტერი არ იყო, თავს იშტერებს - ვითომ ვერ გაიგო რა ვთქვი

www.facebook.com/SaakashviliMikheil/

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მის განცხადებაზე გიგა ბოკერიას კომენტარს ეხმაურება.

საუბარია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე, სადაც ის ამბობს, რომ ძალიან წარმატებული უკრაინა და საქართველო არავის სჭირდება და დასავლეთსაც კოლონიალური მიდგომები აქვს.

ამის შეფასებისას ბოკერიამ თქვა, რომ ყველა განცხადება, რომელიც ერთ კონტექსტში განიხილავს რუსეთის აგრესიას და თავისუფალი სამყაროს პოლიტიკას, პუტინის პროპაგანდის წისქვილზე ასხამს წყალს.

"ლოზუნგური აზროვნების კლასიკური ნიმუში - ეს ასეთი შტერი არ იყო და აბა რა თავს იშტერებს - ვითომ ვერ გაიგო რა ვთქვი", - წერს მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქზე.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და უკრაინის ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა, 12 აპრილს, ვარშავაში უკრაინელებთან შეხვედრაზე თქვა, რომ ძალიან წარმატებული უკრაინა და საქართველო არავის სჭირდება და "ევროპელებს სურთ, რომ უკრაინა არსებობდეს, რომ ის იყოს წარმატებული, თუმცა რაღაც ჩარჩოების ფარგლებში".

"ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, არსებობს ვლადიმერ პუტინი, რომელსაც უკრაინა საერთოდ არ სჭირდება, ვისთვისაც უკრაინა ანაქრონიზმია, ვერ ხვდება, რატომაა, რისთვისაა ეს ქვეყანა. მეორე მხრივ კი, არის დასავლეთი, რომელსაც ასევე კოლონიალური მიდგომები აქვს, რომ კი, იყოს უკრაინა, არსებობდეს, ოღონდ სადღაც კუთხეში. მათ უკრაინა სჭირდებათ, როგორც სამუშაო ძალა", - თქვა სააკაშვილმა.

საარჩევნო ბლოკ ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების წევრი გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ ექსპრეზიდენტის განცხადება უაღრესად საზიანოა და რუსეთის ნარატივს აძლიერებს.

"ყველა განცხადება, რომელიც რუსეთის აგრესიას რაიმე ფორმით მაინც ერთ კონტექსტში განიხილავს თავისუფალი სამყაროს პოლიტიკასთან, თუნდაც ისეთ პოლიტიკას, რომელიც ვინმეს მცდარად მიაჩნია რაღაც საკითხში, არის პირდაპირ წყლის დასხმა პუტინის პროპაგანდის წისქვილზე. რუსეთს და პუტინს არ სჭირდებათ რომ აქონ, მთავარია ყველა იყოს განხილული ერთ კონტექსტში. ამ პროპაგანდას აწარმოებენ საქართველოშიც პროპუტინისტური ძალები. ამიტომ ეს განცხადება უაღრესად საზიანოა ჩვენი ქვეყნის ნაციონალური ინტერესებისთვის, რადგან აძლიერებს ჩვენი მტრის ნარატივს", - ამბობს ბოკერია ტაბულასთან.

კომენტარები