კობახიძის კანონპროექტი

ზედელაშვილი: ვენეციის კომისია მოუწოდებს ხელისუფლებას არ დაინიშნოს "პირადი სასამართლო"

დავით ზედელაშვილი / დავით ზედელაშვილი

კონსტიტუციონალისტი დავით ზედელაშვილი ვენეციის კომისიის მიერ გამოცემულ დასკვნას აფასებს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, კანონპროექტის შესახებ, რომელიც მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებს ეხება. 

დავით ზედელაშვილის შეფასებით, ვენეციის კომისიამ კობახიძის კანონპროექტი ყველა ასპექტში დაიწუნა. 

"კომისიის აზრით კანონის მიერ დაწესებული ბარიერები ხელს უშლის კვალიფიციური კანდიდატების შერჩევას სასამართლოს გარეთა ფართო იურიდიული პროფესიიდან. თავად საბჭოში კანდიდატურების განხილვისა და ხმის მიცემის პროცესი გაუმჭირვალეა და თვითნებობის მაღალ რისკებს მოიცავს, რაც იუსტიციის საბჭოსადმი ნდობის არარსებობის პირობებში გამოუსწორებელ ზიანს აყენებს პროცესს და ამგვარად არჩეული უზენაესი სასამართლოს ნდობას,"- ამბობს ზედელაშვილი. 

კონტიტუციონალისტის შეფასებით, ვენეციის კომისიას სრული ინფორმაცია აქვს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრულ დისკრედიტაციასა და იმ საფრთხეებზე, რაც 18-დან 20 კანდიდატის ერთი პოლიტიკური უმრავლესობის მიერ დანიშვნას შეიძლება მოჰყვეს. 

"რისკი სრულად ერთი პოლიტიკური ჯგუფის ხელში არსებული საზოგადოებრივი ნდობისა და ლეგიტიმაციის არმქონე უზენაესი სასამართლოა. ვენეციის კომისია საექსპერტო ორგანოა, ის პოლიტიკურ შეფასებებს და რჩევებს ვერ გასცემს, თუმცა არსებული სიტუაციის კრიზისულობა და ექსტრაორდინალურობა სრულად ესმის.

ამის გათვალისწინებით, კომისიის მთავარი რჩევა და გზავნილი ოცნებისადმი არის მომდევნო საპარლამენტო არჩევნებამდე არ შეავსოს ვაკანტური სამოსამართლო თანამდებობების ნახევარზე მეტი,"- ამბობს ზედელაშვილი. 

კონსტიტუციონალისტის თქმით, ვენეციის კომისიის საექსპერტო ენა რომ პოლიტიკურად ითარგმნოს, კომისია ხელისუფლებას მოუწოდებს, არ დანიშნოს საკუთარი "ჯიბის უზენაესი სასამართლო". 

"ამგვარი საგანგებო მოწოდებები იშვიათია საექსპერტო ორგანოსგან და მხოლოდ დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობისთვის კრიზისულ სიტუაციებში კეთდება. მაგალითად, ასეთი სიმკაცრის შეფასებები და რეკომენდაციები კომისიამ ბოლოს პოლონეთის მიმართ გასცა, სადაც პოლიტიკურმა ხელისუფლებამ სასამართლოზე მიზანმიმართული შტურმი განახორციელა,"- ამბობს დავით ზედელაშვილი. 

ვენეციის კომისია წერს, რომ ძალიან უჩვეულო და ექსტრაორდინარულია სიტუაცია, რომელშიც მმართველი გუნდი უზენაეს სასამართლოს სრულად, 20-ვე მოსამართლით დააკომპლექტებს და ეს შემადგენლობა მომდევნო 20-30 წლის განმავლობაში არ შეიცვლება.

მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სახალხო დამცველი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ანრი ოხანაშვილს, მოუწოდებდნენ, ვენეციის კომისიის დასკვნამდე კობახიძის კანონპროექტი კომიტეტზე არ განხილულიყო, ოხანაშვილმა არ გაითვალისწინა საზოგადოებრივი პროტესტი და 15 აპრილს კანონპროექტს კენჭი უყარეს და მხარიც დაუჭირეს. 

20 მარტს საზოგადოებრივი პროტესტის მიუხედავად 89 ხმით პარლამენტმა მოსამართლეთა შერჩევის შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო. 

კანონპროექტი "საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანულ კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს და უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნი მოსამართლეების შერჩევის პროცედურებსა და კრიტერიუმებს განსაზღვრავს. 

კანონპროექტს ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრთა ნაწილი მწვავედ აკრიტიკებს და მას "ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანისთვის შეკერილ მანტიას" უწოდებს.

რა წერია "კობახიძის კანონპროექტში", ვრცლად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები