ვენეციის კომისიის რეკომენდაციები

კობახიძე კომისიის დასკვნაზე: რეკომენდაცია მოსამართლეთა რაოდენობაზე პოლიტიკურია

პარლამენტი

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციას, რომელიც მოსამართლეთა რაოდენობას ეხება არ იზიარებს. 

საუბარია კომისიის იმ რეკომენდაციაზე, სადაც წერია, რომ ძალიან უჩვეულო და ექსტრაორდინარულია სიტუაცია, რომელშიც მმართველი გუნდი უზენაეს სასამართლოს სრულად, 20-ვე მოსამართლით დააკომპლექტებს და ეს შემადგენლობა მომდევნო 20-30 წლის განმავლობაში არ შეიცვლება. 

პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ეს ნაწილი პოლიტიკურია და ორგანულ კანონში პოლიტიკური რეკომენდაცია ასახული ვერ იქნება. 

"მინიმალური რაოდენობა არის დადგენილი კონსტიტუციით. შესაბამისად, ევალება შესაბამის ორგანოებს, კერძოდ, საბჭოს და პარლამენტს, რომ იმოქმედონ კონსტიტუციის შესაბამისად. რა თქმა უნდა, უნდა შეივსოს 28-მდე მოსამართლეთა რაოდენობა, თუმცა გამომდინარე პროცედურიდან, შეიძლება ეს არ მოხდეს ერთბაშად. ეს არის დამოკიდებული საბოლოო ჯამში შესაბამის კონსტიტუციურ ორგანოებზე. შეიძლება საბჭომაც წარმოადგინოს ნაკლები კანდიდატი, შეიძლება პარლამენტმა დაამტკიცოს ნაკლები კანდიდატი. თუმცა, რაც შეეხება მითითებას იმაზე, რომ არა ამ მოწვევამ ანდა სხვა მოწვევამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით, ეს არის უკვე პოლიტიკური რეკომენდაცია და ეს არის გაცდენილი სამართლებრივ ჩარჩოებს. ასეთი საკითხი, რა თქმა უნდა, ვერ იქნება ასახული ორგანულ კანონში. ორგანულ კანონში წერია ზუსტად ის, რაც წერია კონსტიტუციაში. კერძოდ, ის რომ არანაკლებ 28 მოსამართლისგან უნდა შედგებოდეს უზენაესი სასამართლო. ამის იქით ვერ წავა ორგანული კანონი. ეს არის პოლიტიკური რეკომენდაცია, რა თქმა უნდა, შეიძლება პარლამენტმა მიიღოს ან ასეთი ან ისეთი პოლიტიკური გადაწყვეტილება, სრულად არ შეავსოს საკუთარი რიგები, ჩვენ შეგვიძლია ისეც გავაკეთოთ, რომ პირველად, როცა წააგებს ქართული ოცნება საპარლამენტო არჩევნებს - 2024-28-32-ში, შეიძლება მხოლოდ ამის შემდეგ დავაკომპლექტოთ სრულად უზენაესი სასამართლო",- ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე. 

კობახიძე ვენეციის კომისიის დასკვნას დადებითს უწოდებს და ამბობს, რომ ეს მოსალოდნელი იყო.

კომენტარები