პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ვიტრაჟები - კიდევ რა გადარჩა და რა გაანადგურა ხანძარმა [ფოტოები]

0 კომენტარი
ფოტო: AFP

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი გუშინ გაჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ მეხანძრეებმა 850 წლის გოთიკური კათედრალის ქვის მთავარი სტრუქტურის, მათ შორის ორი კოშკის გადარჩენა მოახერხეს, ხის უძველესი კონსტრუქცია დაიწვა და ტაძრის სახურავის ნაწილი და კოშკი ჩაინგრა.

მაშველებმა მოახერხეს ტაძრის შიგნით განთავსებული რელიგიური ნივთების გადარჩენაც, მათ შორის ეკლის გვირგვინის, რომელიც მიაჩნიათ, რომ ჯვარზე გაკვრამდე ქრისტეს დაადგეს თავზე და ტუნიკის, რომელიც მეფე ლუი მეცხრეს ეცვა, როდესაც მან გვირგვინი პარიზში ჩაიტანა.

ფოტო: Reuters

უკანასკნელი ინფორმაციით გადარჩა ასევე ცნობილი ვიტრაჟები, რომლებიც კათედრალის სამ მხარეს ამშვენებს და ორღანი, რომელიც მეცხრამეტე საუკუნეში უფრო ძველი, მეჩვიდმეტე საუკუნის ორღანის ნაწილებისაგან შექმნეს.

ფოტო: wikipedia

ამ დრომდე უცნობია ტაძარში განთავსებული სხვადასხვა რელიკვიის ბედი, მათ შორის ლურსმნის და ჯვრის ფრაგმენტის, რომელზეც მიაჩნიათ, რომ ქრისტე გააკრეს.

ფოტო: Getty Images

კათედრალში ასევე იყო ქანდაკებები და ნახატები, რომლებიც შესაძლოა ხანძარმა ან ხანძრის ჩაქრობისას წყალმა დააზიანა. უნობია ასევე რა ოდენობის ზარალი მიადგა ტაძრის ფასადს.

პარიზის პოლიციაში ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ ცენტრალურ ნავის კამარის ნაწილი ჩამოიშალა და ახლა არქიტექტორები ადგენენ რამდენად მყარია დარჩენილი სტრუქტურა.

შეგახსენებთ, რომ ხანძრის გამომწვვი მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა მას სარესტავრაციოს სამუშაოებს უკავშირებენ, რომელიც რამდენიმე წლის წინ კედელში ბზარების გაჩენის შემდეგ დაიწყო.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა თქვა, რომ აუცილებლად მოხდება ტაძრის რეკონსტრუქცია. მასში მონაწილეობის და თანხის გაღების სურვილი არაერთმა ადამიანმა გამოხატა. მსოფლიო ლიდერებმა აღნიშნეს, რომ ის ევროპული კულტურის სიმბოლოა, ხოლო მაკრონმა ტაძარს საფრანგეთის "ისტორია, ლიტერატურა და სულის ნაწილი" უწოდა, რომელიც საფრანგეთის ისტორიაში ყველა დიდებული მოვლენის ეპიცენტრი იყო.

პარიზის ღვთისმშობლის ეკლესიის ისტორია შეგიძლიათ წაიკითხოთ ტაბულას სტატიაში.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ანკა ვასაძე

კომენტარები