პუტინი საფრანგეთს ტაძრის აღდგენაში დასახმარებლად რუსეთის საუკეთესო ექსპერტებს სთავაზობს

Getty Images

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მწუხარება გამოხატა პატიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძართან დაკავშირებით და 850 წლის გოთიკური კათედრალის აღდგენით სამუშაოებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა.

ემანუელ მაკრონისადმი მიწერილ წერილში, რომელიც კრემლის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნდა, პუტინი ამბობს, რომ მას იმედი აქვს ისტორიული ტაძრის აღდგენა შესაძლებელი იქნება, მას შემდეგ რაც ხანძარმა კათედრალის სახურავი, საათი და შპილი გაანადგურა. მან ასევე გამოთქვა მზადყოფნა, რომ გაგზავნოს "საუკეთესო რუსი ექსპერტები, რომელნიც გამოცდილნი არიან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენაში".

"ნოტრ-დამი საფრანგეთის ისტორიული სიმბოლოა, ევროპული და მსოფლიო კულტურის ფასდაუდებელი განძი, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქრისტიანული რელიკვია. პარიზში წინა ღამით დატრიალებულმა ტრაგედიამ რუს ხალხს გული ატკინა" - ნათქვამია წერილში.

შეგახსენებთ, რომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი გუშინ გაჩნდა. მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია. მეხანძრეებმა კათედრალის ქვის მთავარი სტრუქტურის, მათ შორის ორი კოშკის გადარჩენა მოახერხეს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პირობა დადო, რომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს აღადგენენ.

კომენტარები