ვასილ სოფრომაძე

სოფრომაძე: ვიდეოში მმართველი პარტიის ბონზების მიერ მოყვანილ ხელმძღვანელებს ვგულისხმობდი

0 კომენტარი

ფრესკოს დამფუძნებელი მორიგ ვიდეო მიმართვას ავრცელებს. ვასილ სოფრომაძე კვლავ ხელისუფლების მხრიდან ბიზნესზე ზეწოლის შესახებ საუბრობს.

ის ახსენებს 7 მარტის მიმართვის შემდეგ ფინანსთა სამინისტროს გამოხმაურებას, სადაც უწყება ამბობს, რომ სოფრომაძის ინფორმაციაზე მოკვლევა დაიწყეს, თუმცა თუ ეს არ დადასტურდა, რეპუტაციის შელახვის გამო საჯარო ბოდიშს მოითხოვენ.

საუბარია ფრესკოს დამფუძნებლის ვიდეოში გაჟღერებულ ბრალდებაზე, თითქოს ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლების მის მარკეტში იარაღს "ატრიალებენ" და პროდუქციას იპარავენ. 

დღეს გავრცელებულ ვიდეოში სოფრომაძე ამბობს, რომ სისტემის რეპუტაციის შელახვის სურვილი არ ჰქონია და საჯარო უწყებებში დასაქმებულთა შრომას აფასებს, ხოლო წინა მიმართვაში "მმართველი პარტიის ბონზების მიერ მოყვანილ ხელმძღვანელებს" გულისხმობდა.

"მე მხედველობაში მყავდით თქვენ ბატონებო, მმართველი პარტიის და მმართველი პარტიის ბონზების მიერ მოყვანილი ხელმძღვანელები და მათი მლიქვნელები, რომლებიც ფლუგერებივით ტრიალებთ, საითაც დაუბერავს ქარი", - ამბობს ფრესკოს დამფუძნებელი ახალ ვიდეოში.

ის ასევე აღნიშნავს, რომ სახელმწიფოსთან მრავალწლიანი დავის გამო 15-მილიონი პროექტი დაკარგა. სოფრომაძის თქმით, ამ ყველაფრის ფონზე, "ვინმე ბიძინა ივანიშვილის" წერილს წააწყდა.

"ამ ყველაფრის ფონზე, შემთხვევით წავაწყდი მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ვინმე ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენისადმი მიძღვნილ წერილს. მინდა ამონარიდი წავიკითხო: "მიუხედავად იმისა, რომ ოცნების ხელისუფლებამ 6 წლის მანძილზე რეგიონალური თუ გლობალური პოლიტიკურ-ეკონომიკური გამოწვევების ფონზე რეალური შესაძლებლობების თითქმის მაქსიმუმი გააკეთა და ეროვნული ეკონომიკის უკლებლივ ყველა სფეროში თვალსაჩინო პროგრესი აჩვენა"... აი, სიტყვები არ მყოფნის ამის კომენტირებისათვის, საჯარო სიტყვები არ მყოფნის, ეთერში და სივრცეში რომ წარმოითქმება, ის სიტყვები არ მყოფნის, სხვა სიტყვები მოდის თავში", - ამბობს ვასილ სოფრომაძე.

ამავე ვიდეოში სოფრომაძე აღნიშნავს, რომ დიდუბეში, წერეთლის გამზირზე ახალი სუპერმარკეტის აშენება სურს და მერიას მიმართა, საიდანაც მიიღო ოფიციალური წერილი რჩევით, რომ ქალაქის ერთ-ერთი ხელმძღვანელის ნათესავის მიწის ნაკვეთი იყიდოს.

"თქვენ ამას განვითარებას უძახით? ეს არის, რაც თქვენ გააკეთეთ საქართველოს ეკონომიკაში?!", - ამბობს სოფრომაძე.

ვიდეოს დასასრულს, მან მოიყვანა ციტატა მუხრან მაჭავარიანის ლექსიდან "სხდომა":

"თავმჯდომარე ორატორებს უხმობს სიით
და...
ტყუილში ქურციკივით მარდი,-
ქველმოქმედის (დავიღუპეთ!) პრეტენზიით,-
ტრიბუნაზე მატრაბაზი ადის.
და...
გექნებათ შენიშნული, ალბათ,-
ჩაწყობანი როცა ხდება კარტის,-
ზოგიერთი,
ვინც ვერ უძლებს ამას,-
დარბაზიდან
ფეხაკრეფით
გადის.".

ციტატის დასასრულს კი ფრესკოს დამფუძნებელმა თქვა, რომ ის არსად წავა და ხელისუფლებას სამართლებრივ სივრცეში დაბრუნებისკენ მოუწოდა.

"მინდა გითხრათ, არც ფეხაკრებით და არც კარების გამოჯახუნებით მე ამ ქვეყნიდან არ წავალ. აქ ვდგავარ, აქ ვარ, აქ ვმუშაობ და აქ ვიქნები. მოგიწოდებთ, დაბრუნდით სამართლებრივ სივრცეში, არ მოაწეროთ ხელი უკანონო აქტებს. მოგიწოდებთ და გაფრთხილებთ, სამართლებრივი გზით, მე ვასო სოფრომაძე, ვინც ხელს მოაწერთ ამ უკანონო აქტებს, გდევნიდეთ იქნება, იმიტომ რომ ასეთი ხალხი არ უნდა მუშაობდეს საჯარო სამსახურში და არ უნდა ანგრევდეს ქვეყნის ეკონომიკას", - ამბობს ვასილ სოფრომაძე.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ენძელა მაჭავარიანი

კომენტარები