სანდრო გირგვლიანი

მდინარაძე შავგულიძეს გირგვლიანის საქმეზე: რისკები გაწიე

იმედი

ქართული ოცნების წევრი, მამუკა მდინარაძე ფიქრობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ შალვა შავგულიძემ სანდრო გირგვლიანის საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოიგო, რიგი ქმედებები არასწორი იყო. 

მდინარაძემ ეს იმედის ეთერში თქვა, სადაც მასა და შავგულიძეს შორის დებატები გაიმართა. 

შალვა შავგულიძე: გირგვლიანის საქმე სტრასბურგში მოვიგე თუ წავაგე?

მამუკა მდინარაძე: მურუსიძე რა შუაშია. 

შალვა შავგულიძე: მურუსიძემ მოიგო თუ შავგულიძემ?

მამუკა მდინარაძე: შენ მოიგე ეს საქმე, მერე? 

შალვა შავგულიძე: ვიყავი ადვოკატი?

მამუკა მდინარაძე: იყავი, მერე?

შალვა შავგულიძე: აბა, რა გინდათ ახლა გამაგებინეთ შენ და შენს უფროსს, ბიძინა ივანიშვილს? რა გინდათ? რას ბოდავთ?

მამუკა მდინარაძე: რისკები გაწიე. ბოდვა რა არის და იურისტის თავმოყვარეობას რომ გადაახტები, ეგ არის ბოდვა. ივანიშვილი არც ის ბოდავს და არც მე, ბოდავ შენ. 

ქართული ოცნება და მისი თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი შალვა შავგულიძეს სანდრო გირგვლიანის საქმის სტრასბურგში წაღების გამო აკრიტიკებს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გირგვლიანის საქმეზე საქართველოს ხელისუფლება გაამტყუნა. დაღუპულის ადვოკატი სწორედ შავგულიძე იყო. 

მმართველი გუნდი შავგულიძეს მას შემდეგ აკრიტიკებს, რაც ის თავისუფალი დემოკრატებისა და ევროპული საქართველოს ბლოკის კანდიდატად დასახელდა მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში. 

9 აპრილს ტვ იმედთან ინტერვიუში ივანიშვილმა სანდრო გირგვლიანის საქმეში ლევან მურუსიძის გასამართლებლად თქვა, რომ მურუსიძე საქმეს პირველ ინსტანციაში ვერ დააბრუნებდა, რადგან გირგვლიანის ოჯახის ადვოკატმა, შალვა შავგულიძემ, საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული განაჩენი სააპელაციო სასამართლოს ნაცვლად, უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა.

ივანიშვილმა ასევე თქვა: "აი ეს არის პარადოქსი ჩვენთვის რომ დღეს საზოგადოებაში შავგულიძე ასოცირდება როგორც გმირი, რომელმაც დაიცვა გირგვლიანების ოჯახი და მურუსიძე ასოცირდება როგორც მკვლელი'. 

რატომ არ გაასაჩივრა შავგულძემ საქმე სააპელაციო სასამართლოში, წაიკითხეთ აქ. 

სანდრო გირგვლიანის საქმე

2006 წლის დეკემბერში ოქროყანაში 28 წლის სანდრო გირგვლიანი მოკლული იპოვნეს. მისი გარდაცვალების საქმეზე შსს-ის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის 4 თანამშრომელი გაასამართლეს, რომლებსაც, გამოძიების მიხედვით, გირგვლიანთან ანგარიშსწორება პირადი კონფლიქტის გამო ჰქონდათ.

სტუდია მონიტორის გამოძიების მიხედვით, საზოგადოებაში თავიდანვე არსებობდა ვერსია, რომ მკვლელობა შარდენ ბარში მოქეიფე შსს-ს მაღალჩინოსნებსა და ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ცოლის სახელს უკავშირდებოდა, მაგრამ ეს ვერსია მიიჩქმალა. 

თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლომ არა მკვლელობისთვის, არამედ გირგვლიანის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთასა და ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებისთვის სამ პირს 7-7, ხოლო მეოთხეს 8-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს.

გირგვლიანის ოჯახმა ეს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. კოლეგიის ერთ-ერთი მოსამართლე ლევან მურუსიძე იყო. გირგვლიანის ოჯახი განაჩენის გაუქმებასა და ხელახლა გამოსაძიებლად საქმის ქვედა ინსტანციაში დაბრუნებას მოითხოვდა.

ლევან მურუსიძემ საქმე სრულყოფილად გამოძიებულად მიიჩნია, არსებითი დარღვევები ვერ აღმოაჩინა და გირგვლიანის მხარის არც ერთი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. მურუსიძის მონაწილეობით კოლეგიამ შსს-ს ოთხივე თანამშრომელს სასჯელი 6 თვით შეუმცირა.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გირგვლიანის საქმე საქართველომ წააგო და ევროსასამართლომ სიცოცხლის უფლების პატივისცემის დარღვევა დაადგინა, სახელმწიფოს 50 000 ევროს გადახდა დაეკისრა.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2011 წელს გირგვლიანის საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა. მასში წერია: 

"სასამართლო გაოგნებულია იმ ფაქტის გამო, რომ არც პროკურატურა და არც ადგილობრივი სასამართლოები არ შეეცადნენ გაერკვიათ“ საქმის რამდენიმე ძირითადი გარემოება.

სასამართლო გმობს იმ გარემოებას, რომ ხელისუფლებამ თვალი დახუჭა მოსარჩელეების მიერ წამოყენებულ სარწმუნო ბრალდებაზე, რომ დანაშაულის უშუალო ჩამდენები და ზოგიერთი იმ ჯგუფიდან, რომელიც კაფეში შს მინისტრის მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა, [დანაშაულის] თანამონაწილენი იყვნენ. 

გამაოგნებელია, რომ ასეთ განსაკუთრებულად რთულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვები მხოლოდ ცხრა დღეს გაგრძელდა. ამ პერიოდში მხარისთვის [გირგვლიანის ოჯახისთვის] და მოსამართლეებისთვისაც კი ასეთი მოცულობითი საქმის მასალების შესწავლა აბსოლუტურად შეუძლებელი იყო". 

სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ვერ შეძლო ჩაეტარებინა შესაბამისი გამოძიება, რომელიც სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების შესახებ ”სრული სიმართლის გამოაშკარავებას შეძლებდა და რომელსაც ყველა პასუხისმგებელი პირის ადეკვატური დასჯა მოყვებოდა

კომენტარები