გირჩი: საარჩევნოდ მთაწმინდელი ამომრჩევლების მოსყიდვას ვიწყებთ

ტაბულა

პოლიტიკური პარტია გირჩი აანონსებს, რომ პარტია მთაწმინდის შუალედურ არჩევნებზე ამომრჩეველთა მოსყიდვას მათ მიერვე შექმნილი ვალუტით იწყებს. 

ამის შესახებ გირჩის ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ, 17 აპრილს გამართულ ბრიფინგზე ილაპარაკა. 

ჯაფარიძის თქმით, მათთვის იმდენად მნიშვნელოვანია, რომ 2020 წლამდე პარლამენტში გირჩს თავისი წარმომადგენელი ჰყავდეს, რომ მათ გადაწყვიტეს, მთაწმინდის მაცხოვრებლებს საჯაროდ შესთავაზონ ანაზღაურება ხმის სანაცვლოდ. 

ჯაფარიძის თქმით, ანაზღაურება მოხდება გირჩის ციფრული ვალუტით, ელექტრონული ჯედებით, იგივე ქართული დოლარით, რომელიც მისივე თქმით, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გამოიყენოს 2 დანიშნულებით:

"1. ამ დაგროვილი ჯედებით ნებისმიერი მოქალაქე ხდება გირჩის ორგანული ნაწილი და ეძლევა შესაძლებლობა გირჩში მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მაგალითად 2020 წლის საპარლამენტო სიის ფორმირების პროცესში. 

2. მოქალაქე აღნიშნული ვალუტის საშუალებით მონაწილეობას მიიღებს გირჩის მიერ დაგეგმილ სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის პროცესში. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ამ ქვეყანაში არსებული ყველა ქონება: მინდვრები, მდელოები, მთები, ტყეები, მდინარეები, ყველაფერი არის ამ ქვეყნის მოქალაქეების საკუთრება, რომლებიც ჩვენ წაგვართვეს ბოლშევიკებმა და ეს ქონება არის დასაბრუნებელი". 

ჯაფარიძის თქმით, თითოეულ მიღებულ ხმაზე გირჩი $50-ის ექვივალენტის ჯედს გასცემს, რაც პარტიის გათვლებით, მომავალში, მინიმუმ, $5 000-ს შეესაბამება. 

იმისათვის, რომ მოქალაქებ ჯედები მიიღოს, მან უნდა წარმოადგინოს ფოტო, სადაც მთაწმინდის ოლქში გირჩის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ჰერმან საბოს, საარჩევნო ნომერი 35 ექნება შემოხაზული. 

"ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც მოხალისეობრივად ივლის მთაწმინდელების კარდაკარ და გირჩის მოსაზრებას გააცნობს საზოგადოებას, მიიღებს $900 ექვივალენტის ჯედს, რაც მომავალში იქნება $90 000,"- ამბობს ჯაფარიძე. 

პარლამენტის შუალედური არჩევნები მთაწმინდის ოლქში 19 მაისს გაიმართება. გირჩის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ჰერმან საბოა. მას მმართველი გუნდიდან ექიმი ლადო კახაძე დაუპირისპირდება, თავისუფალმა დემოკრატებმა და ევროპულმა საქართველომ საარჩევნო ბლოკის ფარგლებში ერთობლივ კანდიდატად შალვა შავგულიძე დააყენეს. 

კომენტარები