ტაქსების რეგულირება

მარჯვენასაჭიანი ტაქსები 2019 წლის ოქტომბრის ნაცვლად 2021 წლიდან აიკრძალება

მარჯვენასაჭიანი მანქანების მძღოლები B კატეგორიაში ტაქსის სერვისის გაწევას 2021 წლის პირველ იანვრამდე შეძლებენ. 

ამის შესახებ კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე თქვა. 

ამ დრომდე არსებული გადაწყვეტილებით, მარჯვენასაჭიან ტაქსებს მუშაობა 2019 წლის 3 ოქტომბრიდან უნდა შეეწყვიტათ

2021 წლის პირველი იანვრიდან მარჯვენასაჭიანი ავტომობილებით ტაქსის სერვისის B კატეგორიაში განხორციელება ავტომატურად აიკრძალება.

"საინიციატივო ჯგუფთან შეხვედრაზე მივიღეთ გადაწვეტილება, რომ მარჯვენასაჭიან ავტომობილებთან დაკავშირებული პრობლემა გაგვეთვალისწინებინა. აგვიხსნეს, რომ ერთი წელი არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მძღოლები მომზადებულიყვნენ. გვთხოვეს, რომ გარკვეული პერიოდი B კატეგორიაში გაეგრძელებინათ მუშაობა. გვინდა, რომ აღნიშნული თარიღი 2020 წლის ბოლომდე გავითვალისწინოთ. 2021 წლის პირველი იანვრიდან კი ცვლილება ავტომატურად შევა ძალაში და მარჯვენასაჭიანი ავტომობილებით ტაქსის სერვისის B კატეგორიაში განხორციელება ავტომატურად აიკრძალება. მძღოლებს ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ ავტომობილების ჩანაცვლება მოახდინონ და ტაქსის სერვისის განხორციელება 2021 წლის პირველი იანვრიდან მარცხენასაჭიანი ავტომობილებით იმ კატეგორიაში განაგრძონ, რომელზეც თვითონ მიიღებენ გადაწყვეტილებას“, - განმარტა თბილისის მერმა.

მისი თქმით, გადავადება არ შეეხება ტაქსების ფერის შეცვლას და რამდენიმე სხვა კომპონენტს. 

კალაძემ თქვა, რომ ტაქსის მძღოლების საინიციატივო ჯგუფთან შეხვედრებზე მძღოლების თხოვნა იყო, მერიას მათთვის დროებით გარკვეული შეღავათები დაეწესებინა. 

"ჩვენ ამ ადამიანების მოსაზრებები გავითვალისწინეთ. რასაკვირველია, ტაქსების რეფორმა აუცილებლად განხორციელდება და მის გადავადებას არ განვიხილავთ. რეფორმის თითოეული მნიშვნელოვანი დეტალი, როგორიც არის ვადა - პირველი ოქტომბერი, ვიზუალური მხარე - თეთრი ფერი, მერიის მიერ უფასო მანათობლების გადაცემა, პარკირების ადგილების გამოყოფა, ინტერიერის ქიმიური წმენდისა და ავტომანქანის გადაღებვის ვაუჩერი, რასაც საინიციატივო ჯგუფის თხოვნით ფირის გადაკვრის ვაუჩერები დაემატა, თითოეული ეს დეტალი ძალაში რჩება. მძღოლებს ექნებათ ალტერნატივა და უნდათ გადაღებვის ვაუჩერს აიღებენ, უნდათ - ფირის. აქვე მინდა მოვუწოდო ტაქსის ყველა იმ მძღოლს, რომელმაც უკვე აიღო ვაუჩერი, დროულად მიმართონ შესაბამის უწყებას, რათა მათი განაღდება მოხდეს“, - თქვა მერმა.

კალაძემ ასევე თქვა, რომ ყველა სიახლე, ტაქსის მძღოლებთან კომუნიკაციის შედეგად განხორციელდება.

„ჩვენ ისეთ საქმეს ვაკეთებთ, რომლის მსგავსი ნაბიჯი არცერთ მთავრობას არ გადაუდგამს. ეს მხოლოდ ტაქსების რეფორმას არ ეხება. სატრანსპორტო პოლიტიკასთან დაკავშირებით, მსგავსი რეფორმა ქალაქში ჯერ არ განხორციელებულა. მთლიანად იცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ხდება მეტროს ვაგონების განახლება, მეტროსადგურების მოწესრიგება და მარშრუტების გადალაგება, რაზეც დიდი საინფორმაციო კამპანიის ჩატარება მოგვიწევს. ტაქსების რეფორმის ფარგლებში, რომელიც აუცილებლად განხორციელდება, ორ მნიშვნელოვან საკითხზე მოხდა შეთანხმება - პირველი: შემოგვაქვს ფირის უფასოდ გადაკვრის კომპონენტი და მეორე: მარჯვენასაჭიან ტაქსის მძღოლებს ვაძლევთ უფლებას, ტაქსის სერვისის გაწევა 2021 წლის პირველ იანვრამდე B კატეგორიაში განაგრძონ. ამ პერიოდში მათ ექნებათ შესაძლებლობა, რომ საკუთარი სატრანსპორტო საშუალებები ჩაანაცვლონ“, - თქვა კახა კალაძემ.

რა დაჯდება თეთრი ფერის გადაკვრა მანქანებზე და იქნება თუ არა ეს შეღავათი მძღოლებისთვის, წაიკითხეთ აქ

კომენტარები