კობახიძის კანონპროექტი

მიქაუტაძე ნდობის ნაკლებობაზე: ვენეციის კომისიამ ეს ჩვენს ოპონენტებზე დაყრდნობით დაწერა

0 კომენტარი
ფოტო: ტვ პირველი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი გიორგი მიქაუტაძე ვენეციის კომისიის დასკვნას ეხმაურება, სადაც წერია, რომ საბჭოს საზოგადოების დიდი ნაწილის მხრიდან საკმაოდ დაბალი ნდობა აქვს. 

მიქაუტაძე ამბობს, რომ ეს ვენეციის კომისიამ მათ ოპონენტებზე დაყრდნობით დაწერა, რომლებსაც თბილისში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა. 

"ვენეციის კომისიის წარმომადგენლები ჩვენს ოპონენტებს შეხვდნენ, ძალიან ბევრ მხარეს შეხვდნენ, პარლამენტში ჰქონდათ უმრავლესობასთან და ოპოზიციასთან შეხვედრები და ამ შეხვედრებიდან გამომდინარე მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით არის გაკეთებული ეს ჩანაწერი და იქვე ამბობს, რომ ის არ აფასებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ნდობას,"- ამბობს მიქაუტაძე. 

სინამდვილეში, რასაც ვენეციის კომისია თავის დასკვნაში წერს, არის ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ მათ არ შეუძლიათ ობიექტურად გაადაამოწმონ, რამდენად დაბალია საბჭოსადმი ნდობის ხარისხი, "ისეთი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოლა, რომელსაც არ აქვს სრული საზოგადოებრივი მხარდაჭერა და არჩევნებს შორის პერიოდში ერთი პოლიტიკური უმრავლესობის მიერ თითქმის ყველა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის უვადოდ დანიშვნა საფრთხეს შეუქმნის მაღალი ხარისხის საზოგადოებრივი ნდობის მიღებას, რომლითაც ნებისმიერ ქვეყანაში უნდა სარგებლობდეს ისეთი ინსტიტუტი როგორიც უზენაესი სასამართლოა"

ირაკლი კობახიძის კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებს ეხება, ვენეციის კომისიის მთავარი რეკომენდაციებია:

"• უფრო მაღალი ასაკის მოთხოვნა და მეტი ყურადღების გამახვილება კანდიდატის გამოცდილებაზე ისევე, როგორც დასაშვებობის კრიტერიუმებში უნდა იყოს განსჯისუნარიანობა, დამოუკიდებლობა და მრავალფეროვნება. 

• უნდა გადაიხედოს არამოსამართლე კანდიდატებისთვის მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის მოთხოვნა, რადგანაც როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მხოლოდ "სამართალწარმოებაში გამორჩეული კვალიფიკაციის სპეციალისტებს" შეუძლიათ იყვნენ უზენაესი სასამართლოს არამოსამართლე კანდიდატები. ასეთი კვალიფიკაციის მქონე ადამაინებს არ უნდა ვაიძულოთ ისხდნენ გამოცდაზე, რათა დაამტკიცონ, რომ შეუძლიათ კანონთან მუშაობა, რაც უზენაესი სასამართლოს მუშაობაში აუცილებელია. 

• იუსტიციის უმაღლესი საბჭოში ფარული კენჭისყრის ჩატარება უნდა გაუქმდეს; კანდიდატების კვალიფიკაციის შესახებ ინფორმაცია საჯარო უნდა გახდეს და პროცედურა ობიექტურ კრიტერიუმებზე უნდა იყოს დამყარებული. კანდიდატები რეიტინგში უნდა დალაგდნენ იმ ქულების მიხედვით, რომლებსაც ისინი შეფასების პროცესში დააგროვებენ. ამით შესაძლებელი იქნება, რომ პარლამენტში წარადგინონ მხოლოდ საუკეთესო კანდიდატები ამ სიიდან. 

• კანდიდატების შერჩევისა და გარიცხვის გადაწყვეტილებების გასაჩივრება შესაძლებელი უნდა იყოს. 

• იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატია, გათავისუფლებული უნდა იყოს ყველა პროცედურისგან, რომელიც კანდიდატების შერჩევასა და ნომინირებას ეხება".

მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სახალხო დამცველი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ანრი ოხანაშვილს, მოუწოდებდნენ, ვენეციის კომისიის დასკვნამდე კობახიძის კანონპროექტი კომიტეტზე არ განხილულიყო, ოხანაშვილმა არ გაითვალისწინა საზოგადოებრივი პროტესტი და 15 აპრილს კანონპროექტს კენჭი უყარეს და მხარიც დაუჭირეს. 

20 მარტს საზოგადოებრივი პროტესტის მიუხედავად 89 ხმით პარლამენტმა მოსამართლეთა შერჩევის შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო. 

კანონპროექტი "საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანულ კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს და უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნი მოსამართლეების შერჩევის პროცედურებსა და კრიტერიუმებს განსაზღვრავს. 

კანონპროექტს ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრთა ნაწილი მწვავედ აკრიტიკებს და მას "ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანისთვის შეკერილ მანტიას" უწოდებს.

რა წერია "კობახიძის კანონპროექტში", ვრცლად წაიკითხეთ აქ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ენძელა მაჭავარიანი

კომენტარები