ეგვიპტე

ეგვიპტის პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილება დაამტკიცა, სისი შესაძლოა პოსტზე 2030-მდე დარჩეს

Reuters

ეგვიპტის პარლამენტმა მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლებიც მოქმედ პრეზიდენტ აბდულ ფათაჰ ალ-სისის საშუალებას მისცემს პოსტზე 2030 წლამდე დარჩეს.

სისი პრეზიდენტის პოსტზე მეორე ვადით გასულ წელს აირჩიეს და და 4-წლიანი ვადა 2022 წელს ეწურება.

ცვლილების მიხედვით კი ამჟამინდელი ვადა 6 წლამდე გახანგრძლივდება და მას კიდევ ერთი ვადით შეეძლება პოსტზე დარჩენა.

ცვლილებას რეფერენდუმზე 30 დღეში გაიტანენ.

გარდა ვადის გახანგრძლივებისა იზრდება პრეზიდენტის გავლენაც სასამართლოზე და სამხედრო ძალებზე. პრეზიდენტს ასევე შეეძლება ერთი ან მეტი ვიცეპრეზიდენტის დანიშვნა. 2012 წლის კონსტიტუციით ეს პოსტი გაუქმდა.

ასევე დაბრუნდება 2014 წელს გაუქმებული პარლამენტის ზედა პალატა, სენატი, სადაც 180 წევრის ერთ მესამედს პრეზიდენტი დანიშნავს, დანარჩენს კი ხალხი პირდაპირი წესით აირჩევს.

ქვედა პალატაში წარმომადგენლების რაოდენობა 596-დან 450-მდე შემცირდება.

ცვლილებების ერთ-ერთი ინიციატორი პარლამენტარი მუჰამედ აბუ ჰამედი ამბობს, რომ სისიმ მნიშვნელოვანი პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების ზომები მიიღო და მას რეფორმების გაგრძელების საშუალება უნდა მიეცეს მეზობელ ლიბიასა და სუდანში არეულობის გათვალისწინებით.

სისი ხელისუფლებაში 2013 წელს მოვიდა, როდესაც დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი მუჰამედ მურსი სამხედრო ძალებმა მისი მმართველობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების დაწყების შემდეგ გადააყენეს. სისი პირველად 2014 წელს ხმათა 97%-ით არიჩიეს, ხოლო მეორედ გასული წლის მარტში, თუმცა მისი ოპონენტები არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ზეწოლაზე საუბრობენ.

ამის შემდეგ ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფები როგორც ქვეყანაში ასევე მის გარეთ საუბრობენ უფლებების უხეშ დარღვევაზე და ათობით ათასი ადამიანის უკანონო დაკავებაზე.

ინტერნეტის მონიტორიგნის სააგენტო NetBlocks-ის თქმით ეგვიპტეში 34,000-მდე ვებგვერდი დაბლოკეს რათა მოსახლეობას წვდომა არ ჰქონოდა კამპანიაზე, რომელიც ცვლილებების წინააღმდეგ ხელმოწერებს აგროვებდა.

კომენტარები