კობახიძის კანონპროექტი

მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით კანონპროექტის განხილვა ხვალამდე გადაიდო

ტაბულა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით, უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტის განხილვა ხვალამდე გადაიდო. გადაწყვეტილება მმართველმა გუნდმა დახურულ სხდომაზე მიიღო. 

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, უმრავლესობის წევრებთან შეხვედრის დროს გამოითქვა მოსაზრება, რომ უმჯობესია განხილვის დაწყებამდე დეპუტატებს კანონპროექტის ჩასწორებული ვერსია ჰქონდეთ, რაც ინიციატორებმა გაიზიარეს. 

"თხოვნაა ჩვენი კოლეგების მხრიდან, რომ უმჯობესია ჯერ ჩასწორებული ტექსტი დარიგდეს და ამის შემდეგ დავიწყოთ უკვე საგნობრივი განხილვა. რაც ჩვენ გავიზიარეთ ამ შეხვედრაზე. შესაბამისად გთავაზობთ, რომ დღეს აღარ გამოვიტანოთ, ეს კანონპროექტი და გამოვიტანოთ ხვალ 12 საათიდან",- აღნიშნა კობახიძემ და პლენარული სხდომა დახურა. 

შეგახსენებთ, რომ 20 მარტს საზოგადოებრივი პროტესტის მიუხედავად 89 ხმით პარლამენტმა მოსამართლეთა შერჩევის შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო. 

კანონპროექტი "საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანულ კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს და უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნი მოსამართლეების შერჩევის პროცედურებსა და კრიტერიუმებს განსაზღვრავს. 

კანონპროექტს ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრთა ნაწილი მწვავედ აკრიტიკებს და მას "ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანისთვის შეკერილ მანტიას" უწოდებს.

რა წერია "კობახიძის კანონპროექტში", ვრცლად წაიკითხეთ აქ.

 

კომენტარები