თურქეთი

სტამბოლში ოპოზიციის კანდიდატი გამარჯვებულად ოფიციალურად გამოაცხადეს

Reuters

სტამბოლში ჩატარებულ ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვებულად ოპოზიციური პარტიის კანდიდატი ექრემ იმამოღლუ ოფიციალურად გამოაცხადეს.

მმართველი პარტიის მხრიდან პროტესტის შემდეგ ზოგიერთ უბანზე ხმები ხელახლა გადათვალეს და გამარჯვებული კვლავ იმამოღლუ აღმოჩნდა.

მმართველი "სამართლიანობისა და განვითარების" პარტიამ, რომელსაც ერდოღანი მეთაურობს შედეგების გაუქმება და არჩევნების ხელახლა ჩატარება მოითხოვა. მიუხედავად იმისა, რომ მოთხოვნაზე გადაწყვეტილება ჯერ-ჯერობით არ მიუღიათ, იმამოღლუს ფორმალური მანდატი უკვე გადასცეს.

შეგახსენებთ, რომ თურქეთის 5 დიდ ქალაქში, მათ შორის, დედაქალაქ ანკარაში არჩევნები ოპოზიციური პარტიის კანდიდატებმა მოიგეს. მთელი ქვეყნის მასშტაბით რეჯეფ თაიფ ერდოღანის პარტიამ 44.34% მიიღო, ხოლო ოპოზიციურმა "თურქეთის სახალხო რესპუბლიკის" პარტიამ  - 30.12%.

სტამბოლში ხმათა 48.79%-ით პარტია "თურქეთის სახალხო რესპუბლიკის" კანდიდატმა, ექრემ იმამოღლუმ მოიგო. მის ოპონენტს მმართველი პარტიიდან ხმების 48.51% აქვს. 

თურქეთის უმაღლესმა საარჩევნო საბჭომ პარტიის მოთხოვნა სტამბოლის 31-ვე უბნის გადათვლის შესახებ არ დააკმაყოფილა და მხოლოდ 51 ყუთის გადათვლაზე დათანხმდა, რასაც პარტიაში მიუღებელს უწოდებენ და ამბობენ, რომ დაფიქსირდა დარღვევები, რამაც შედეგზე პირდაპირი გავლენა მოახდინა, ამიტომ არჩევნების ხელახალ ჩატარებას მოითხოვენ.

თავად ერდოღანის თქმით სტამბოლის ყველა უბანში არჩევნებს ხელი "ორგანიზებულმა დანაშაულმა" შეუშალა.

ადგილობრივ არჩევნებზე თურქეთში 57 მილიონ ამომრჩეველზე მეტი იყო რეგისტრირებული.

არჩევნები თურქეთში მძიმე ვითარებაში ჩატარდა. ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში და ასევე სტამბოლში სხვადასხვა კანდიდატების მხარდამჭერებს შორის შეტაკებები მოხდა, რომლის დროსაც 4 დამკვირვებელი მოკლეს, მათ შორის 2 ოპოზიციური პარტიის წევრი. ამასთან, დაშავდა ათობით ადამიანი.

პირველად ბოლო 25 წლის განმავლობაში ანკარაში ოპოზიციური პარტიის კანდიდატმა გაიმარჯვა. "თურქეთის სახალხო რესპუბლიკის" კანდიდატმა, მანშურ იავაშმა, ხმების 50.91% დააგროვა, ხოლო მისმა ოპონენტმა მმართველი პარტიიდან კი - 47.09%. 

ოპოზიციამ გაიმარჯვა საპორტო ქალაქ იზმირშიც. "თურქეთის სახალხო რესპუბლიკის" კანდიდატმა, მუსტაფა ტუნჯ სოეირმა, ხმების 58.08% მიიღო, მმართველი პარტიის კანდიდატი კი ოპონენტს მკვეთრად ჩამორჩება - მას 38.66% აქვს. 

"თურქეთის სახალხო რესპუბლიკის" კანდიდატებმა ასევე გაიმარჯვეს ადანასა (53.63% - 42.83%) და ანტალიაშიც (50.62% - 46.25%).

კომენტარები