უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნები 2019

სოციოლოგიური კვლევა: მეორე ტურში ზელენსკის 72% უჭერს მხარს, პოროშენკოს - 25.4%

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე ვოლოდიმირ ზელენსკი პეტრო პოროშენკოსთან უპირატესობას ზრდის.

კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით, მათგან, ვისაც გადაწყვეტილი აქვს, ხმას ვის მისცემს, 72.2% მხარს ზელენსკის დაუჭერს, 25.4% კი - პოროშენკოს.

გამოკითხვა უკრაინის მასშტაბით 9 -14 აპრილს ჩატარდა, მასში მონაწილეობა დაახლოებით 2000-მა მოქალაქემ მიიღო. 54%-მა აღნიშნა, რომ უცილებლად მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, 19%-მა კი თქვა, რომ სავარაუდოდ, მონაწილეობას მიიღებს.

გამოკითხვის შედეგებით, ზელენსკი უკრაინის ყველა რეგიონში ლიდერობს, თუმცა ყველაზე მეტი ადამიანი სამხრეთ და აღმოსავლეთ რეგიონებიდან უჭერენ მხარს. დონბასში ზელენსკის მხარდაჭერა 91.4%-ია.

მსგავსი გამოკითხვა რეიტინგ ჯგუფმა 11 აპრილს ჩაატარა - ზელენსკის 71.4%, ხოლო პოროშენკოს 28.6% უჭერდა მხარს.

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები 31 მარტს ჩატარდა. ზელენსკიმ ხმათა 30%-ზე მეტი აიღო, პოროშენკომ - 16%-მდე. არჩევნების მეორე ტური 21 აპრილს გაიმართება.

კომენტარები