პარლამენტის თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხი

ეკა ბესელია: დარღვევების ფაქტებს ვაგროვებ, კობახიძის იმპიჩმენტს აუცილებლად დავაყენებ

http://cyc.ge

ეკა ბესელია ამბობს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, დარღვევების ფაქტებს აგროვებს, რის შემდეგაც მისი იმპიჩმენტის საკითხს დააყენებს. 

ბესელიასა და კობახიძეს შორის დაპირისპირება დღეს მას შემდეგ გამწვავდა, რაც კობახიძემ ბესელიას ჯერ მიკროფონი გამოურთო, შემდეგ კი სიტყვა არ მისცა. ამის შემდეგ დეპუტატი პარლამენტის თავმჯდომარესთან ავიდა და მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. 

სწორედ ამის შემდეგ ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან კობახიძის იმპიჩმენტზე ისაუბრა. მისი თქმით, თუკი მას იქამდე არ გადააყენებენ, კობახიძის პასუხისმგებლობის საკითხს აუცილებლად დააყენებს. 

"ეს პროცესი თავისთავად იქნება მისთვის ფაქტობრივად დამასრულელებიც, თორემ ისე, შინაარსობრივად, კობახიძე გინდ ყოფილა, გინდ - არა. ერთი კომიკური ფიგურა დარჩა მარტო. მან არ იცის კომუნიკაცია, არ იცის ურთიერთობა, არ იცის როგორ მოიქცეს, არ იცის, რეგლამენტი როგორ დაიცვას. იცის მარტო, აი, ასე ჭერში ყურება ან გვერდით გახედვა, როდესაც არ უნდა, რომ შეგიმჩნიოს და ახლა ისწავლა მიკროფონების გამორთვა. ეს ბოლო ფაზაა და ახლა, ვიდრე მეორეჯერ ავსულვარ ზემოთ, იქამდე გონს მოეგოს. მეორედ რომ ავალ, მერე ქვემოთ ჩამოვიყვან და მანდატური არ უშველის,"- ამბობს ბესელია. 

ბესელიას ამ კომენტარს პარლამენტის თავმჯდომარეც გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ ეკა ბესელია რამდენჯერმე დაიმუქრა, თუმცა რამდენიმე თანამდებობის დატოვება თავად მოუწია. 

"ის [ეკა ბესელია] რამდენჯერმე დაგვემუქრა და ამასობაში, მას რამდენიმე თანამდებობის დატოვება თავად მოუწია. არ მინდა პოლემიკაში შესვლა. ის რთულ მდგომარეობაშია, ეს რეალური მოცემულობაა. თავის ემოციურ მდგომარეობას ქალბატონი ეკა ხშირად ავლენს ხოლმე. თავად ნახეთ, როგორ იქცეოდა დღესაც. სამწუხაროდ, მისი ქცევა არაეთიკურია უკვე დიდი ხანია. სანქციები მას უკვე დაუწესდა და ამიტომ დატოვა ყველა თანამდებობა სადაც იყო,"- თქვა კობახიძემ. 

დაპირისპირება ქართულ ოცნებაში მას შემდეგ დაიწყო, რაც ეკა ბესელიამ და კიდევ რამდენიმე დეპუტატმა უზენაეს სასამართლოში დასანიშნი მოსამართლეების სია გააპროტესტეს.

ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი დატოვა, სადაც ის გედევან ფოფხაძემ შეცვალა. თუმცა, ქართულმა ოცნებამ გედევან ფოფხაძე თანამდებობიდან გაიწვია და მიზეზად მისი რეგლამენტის დარღვევით დანიშვნა დაასახელა. 

ამის შემდეგ ეკა ბესელიამ რამდენიმე დეპუტატთან ერთად მოამზადა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეების უვადოდ გამწესება 2025 წლამდე უნდა გადადებულიყო. პარლამენტმა კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა. 45 იყო მომხრე, 17 წინააღმდეგი. ამის გამო, ეკა ბესელიამ ქართული ოცნება და საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა.

ქართული ოცნება დატოვეს ლევან გოგიჩაიშვილმა, გედევან ფოფხაძემ და ზვიად კვაჭანტირაძემ. ასევე, ბექა ნაცვლიშვილმა, თუმცა, მან არა ბესელიას კანონპროექტის, არამედ თავისი საკანონმდებლო ინიციატივის გამო დაგროვებითი პენსიის კანონში ცვლილებების შესახებ, რომელიც პარლამენტმა ასევე ჩააგდო. ეკა ბესელია პარლამენტში ახალი ფრაქციის შექმნას აპირებს, რომლისთვისაც მინიმუმ 6 დეპუტატია საჭირო.

კომენტარები