გირგვლიანის საქმე

შავგულიძემ მოუგრიხა ხელი - ნაცვლიშვილი გირგვლიანის საქმეზე მურუსიძის არგუმენტს იმეორებს

0 კომენტარი
ფოტო: facebook.com/nutslara

ქართული ოცნების პიარის ხელმძღვანელი და ყოფილი მთავარი პროკურორი ლაშა ნაცვლიშვილი გირგვლიანის საქმის კონტექსტში მოსამართლე ლევან მურუსიძეზე საუბრობს და ამბობს, რომ მას ამ საქმეში ერთი გრამი დანაშაულიც კი არ აქვს. 

ამის შესახებ ნაცვლიშვილმა ტვ პირველის ეთერში, ნინო ჟიჟილაშვილთან ინტერვიუში ისაუბრა. 

ნაცვლიშვილი, ისევე, როგორც ბიძინა ივანიშვილი მოსამართლე მურუსიძის არგუმენტს იყენებს და ამბობს, რომ გირგვლიანის ოჯახის ადვოკატმა, შალვა შავგულიძემ, მურუსიძეს ხელები გადაუგრიხა იმით, რომ მან საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში არ გაასაჩივრა. 

"მიმდინარეობს შეტევა ქართული ოცნების ხელისუფლებაზე და ამ შეტევაში სხვადასხვა ჯურის პოლიტიკურ ოპოზიციას ამორჩეული ჰყავთ ლევან მურუსიძე. ეს აბსოლუტურად არასწორია. მძლავრი პიარული შეტევის გამო ეს კაცი არის ასოცირებული გირგვლიანის საქმეში ყველაზე ბრალეულად. მე თქვენ გეუბნებით, არცერთი გრამი დანაშაული ამ კაცს გირგვლიანის საქმეში ჩადენილი აქვს და მისი ხელების ამოგრიხვა განხორციელდა გზა და გზა. ერთი ხელი ამოუტრიალა ღვინიაშვილმა, როდესაც საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით არ დააკვალიფიცირა და სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებით დააკვალიფიცირა და მეორე ხელი ამოუტრიალა ბოკერიამ, როდესაც შეცვალა კანონები და მესამე, ხელი ამოუტრიალა შალვა შავგულიძემ, რომელმაც არ დაწერა საჩივარი სააპელაციო სასამართლოში,"- ამბობს ნაცვლიშვილი. 

შალვა შავგულიძემ, რომელმაც გირგვლიანის საქმეზე პროცესი საქართველოს სახელმწიფოს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში მოუგო, არაერთხელ ისაუბრა იმ მიზეზებზე, რის გამოც მან გირგვლიანის საქმეზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოს ნაცვლად, პირდაპირ უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. 

შავგულიძე განმარტავს, რომ მაშინდელი კანონმდებლობის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მუხლის გადაკვალიფიცირება არ შეეძლო და ერთადერთი, რისი მიღწევაც ამ ინსტანციით იყო შესაძლებელი, იმავე მუხლის ფარგლებში სასჯელის გაზრდა იყო. 

ამავდროულად, თუკი შავგულიძე გირგვლიანის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებდა, არსებობდა რისკი, რომ საქმის განხილვა მეორე ინსტანციაში დასრულებულიყო, რის შედეგადაც შეუძლებელი იქნებოდა საქმის უზენაეს სასამართლოში წაღება, რაც უფრო შედეგიანი იყო. ხოლო, თუკი საქმე უზენაეს სასამართლოს არ გაივლიდა, მაშინ სტრასბურგი ამ საქმეს არ მიიღებდა იმ არგუმენტით, რომ დაცვის მხარეს სახელმწიფოში არსებული ყველა ინსტანცია არ ჰქონდა გავლილი. 

შალვა შავგულიძის მიმართ ეს ბრალდებები აქტუალური იმ ფონზე გახდა, რომ ის 19 მაისს დაგეგმილ პარლამენტის შუალედურ არჩევნებზე მთაწმინდის ოლქში საარჩევნო ბლოკის "ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატები" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: მაღალტემპერატურულ ღუმელში 55 მლნ ლარის ღირებულების ნარკოტიკი გავანადგურეთ (VIDEO)

კომენტარები