პროკურატურა ია კერზაიას შვილს საგამოძიებო მასალების გასაცნობად უწყებაში მისვლას სთავაზობს

გენერალური პროკურატურა ზუგდიდის #6 საჯარო სკოლის დირექტორის, ია კერზაიას, საქმეზე განცხადებას ავრცელებს და კერზაიას შვილს, მის უფლებამონაცვლეს, ბაჩანა შენგელიას, მიმდინარე გამოძიების მასალების გასაცნობადსაგამოძიებო უწყებაში მისვლას სთავაზობს. 

პროკურატურის განცხადებით, #6 საჯარო სკოლაში ჩატარებული ინსპექტირების სავარაუდო კანონდარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ამ ეტაპზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინსპექტირების სამსახურის სპეციალისტები, სკოლის პედაგოგები და სხვა პერსონალია გამოკითხული. 

ამასთან, პროკურატურის ცნობით, ასევე გამოკითხულია ბაჩანა შენგელიას მიერ დასახელებული მისი ახლო ნათესავები, რომლებიც შენგელიასვე განმარტებით, საქმეზე გარკვეულ ინფორმაციას ფლობენ. 

"გამოძიების ფარგლებში განხორციელებულია სკოლაში არსებული დარღვევების თაობაზე მიღებული საჩივარ-განცხადების ავტორის იდენტიფიცირების მიზნით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. მოსამართლის განჩინების საფუძველზე ზუგდიდისა და ქუთაისის სამედიცინო დაწესებულებებიდან ამოღებულია ია კერზაიას მკურნალობის დამადასტურებელი სრულყოფილი დოკუმენტაცია,"- წერია განცხადებაში. 

ბაჩანა შენგელიას პროკურატურა საქმეში დაზარალებულად ცნობაზე უარს ეუბნება. შენგელია ამბობს, რომ პროკურატურას არ უნდა მას საქმის მასალებთან წვდომა ჰქონდეს, რადგან გამოძიება არასწორი გზით და არაეფეტურად მიმდინარეობს, სწორედ ამით ხსნის ის პროკურატურის უარს. 

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია, რომელიც წინასაარჩევნო ზეწოლაზე საუბრობდა, 2 დეკემბერს, ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

ია კერზაიას ჯანმრთელობის გაუარესებას წინ განათლების სამინისტროს ინსპექტირების ჯგუფის მიერ სკოლის შემოწმება უძღოდა. ინსპექცია სკოლაში 9 ნოემბერს შევიდა. განათლების სამინისტროს მტკიცებით, შესწავლა მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყეს და "სხვადასხვა მძიმე სახის დარღვევა" გამოავლინეს, მათ შორის ადმინისტრაციულ და ფინანსურ საქმიანობაში, ასევე სანიტარულ-ჰიგიენური კუთხით. უწყება ხაზს უსვამდა, რომ კერზაია სკოლის დირექტორის თანამდებობაზე კვლავ რჩებოდა.

თუმცა სკოლის დირექტორის შვილი, ადვოკატი ბაჩანა შენგელია ამბობს, რომ ეს განათლების სამინისტროში დაგეგმილი და განხორციელებული მკვლელობაა. ის სამართალდამცავ ორგანოებს საქმის გამოძიებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, სკოლაში ინსპექციის შესვლამდე დედამისს ქართული ოცნების სასარგებლოდ მუშაობა მრავალჯერ შესთავაზეს, უარის შემდეგ კი სკოლიდან გათავისუფლებით დაემუქრნენ. ბაჩანა შენგელია დედამისის ჯანმრთელობის გაუარესებას სკოლის ამბებზე ნერვიულობას უკავშირებდა.

ია კერზაიას საქმე ეუთო/ოდირის დასკვნაში მთელი თავი მიეძღვნა, ამასთან 11-მა ევროპარლამენტარმა სხვადასხვა ფრაქციიდან პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძეს საქმის დროული და სრულყოფილი გამოძიება მოსთხოვეს. 

კომენტარები