პანორამა თბილისი

ფონდი: სიცრუეა, რომ "პანორამა თბილისის" მშენებლობაზე დაშავებული მუშების მდგომარეობა მძიმეა

facebook.com/tamara.amashukeli

თანაინვესტირების ფონდის ინფორმაციით, 16 აპრილს პანორამა თბილისის მშენებლობიდან სამი მუშის ჩამოვარდნის სავარაუდო მიზეზი იყო ბაგირის და კალათის გამოდება წინაღობაზე, რამაც გამოიწვია ბაგირის დაჭიმვა და სამაგრის მოწყვეტა.

"თავისუფლების მოედანთან, კერძოდ კი ყოფილი ცეკავშირის შენობის ადგილზე განთავსებული სასტუმროს მშენებლობაზე დაშავდა სამი მუშა, უკანა ფასადის ლესვითი სამუშაოების შესრულებისას. არც ერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება", - აღნიშნავენ თანაინვესტირების ფონდში.

მათივე თქმით, ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომელმაც დაშავებულები სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანა.

ფონდში აღნიშნავენ, რომ მცდარია რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს დაშავებულების მდგომარეობა მძიმეა.

ისინი კლინიკის ნეიროქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელზე დაყრდნობით ამბობენ, რომ ორ დაშავებულ მსუბუქი ხარისხის თავის ტვინის შერყევა და სხეულის დაბეჟილობა აქვს, შინაგანი ორგანოების დაზიანება არ იკვეთება და ამჟამად კონსერვატიული მკურნალობა უტარდებათ. პაციენტები დღეს გაეწერებიან ბინაზე, ამბულატორიული მკურნალობის გასაგრძელებლად. რაც შეეხება მესამე დაშავებულს, თანაინვესტირების ფონდის ინფორმაციით, მას აღენიშნება ქალა ტვინის და გულ-მკერდის დახურული ტრავმა, ასევე, ნეკნების მოტეხილობა, ფილტვების დაბეჟილობა და მუცლის დახურული ტრავმა.

ფონდში ამბობენ, რომ სამუშაოებს კომპანია შპს "ენერჯი პლიუსი" აწარმოებდა, რომელსაც ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით სრული პასუხისმგებლობა აკისრია შრომითი უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე.

განცხადებით თანაინვესტირების ფონდი რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. ისინი ამბობენ, რომ ტყუილია ინფორმაცია, თითქოს შრომის ინსპექციის წარმომადგენლებმა ობიექტზე შესვლა მხოლოდ სამოქალაქო აქტივისტების დახმარებით შეძლეს.

"შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლების ადგილზე შესვლა მოხდა შეუფერხებლად, ასევე შეუფერხებლად მიმდინარეობდა საპატრულო პოლიციის, სასწრაფოს დახმარების, ეკონომიკის სამინისტროს და საექსპერტო სამსახურის წარმომადგენლების ადგილზე შესვლა", - აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, თანაინვესტირების ფონდში აღნიშნავენ, რომ სამშენებლო სამუშაოებს ასრულებს არა არა კომპანია "ჯითიდიეფ სოლუშენს", არამედ "შპს ენერჯი პლიუსი", შპს "თბილისი სითის" დაკვეთით.

"შპს ენერჯი პლიუსი" კონტრაქტით ვალდებული იყო დაეცვა სამშენებლო ნორმები და აღნიშნულის უზრუნველსაყოფად შესაბამისი პერსონალი ჰყავდა გამოყოფილი. აღნიშნული კომპანია არის დამოუკიდებელი კონტრაქტორი და მას არანაირი კავშირი არ აქვს შპს "ჯითიდიეფ სოლუშენს"-თან ან საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდთან", - ამბობენ საპარტნიორო ფონდში.

პანორამა თბილისის მშენებლობიდან სამი მუშა 16 აპრილს გადმოვარდა. შსს-მ გამოძიება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები