კობახიძის კანონპროექტი

მმართველი გუნდი ვენეციის კომისიის 2 რეკომენდაციას გაითვალისწინებს

არჩილ თალაკვაძე
ტაბულა

მმართველმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების ნაწილი და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის შესახებ კანონპროექტიდან ის ნაწილი ამოიღოს, რომელიც კანდიდატებისთვის გამოცდის ჩატარებას ითვალისწინებს. 

ვენეციის კომისიის დასკვნის შესახებ კონსულტაციები დღეს ქართული ოცნების ოფისში გაიმართა. 

შეხვედრის დასრულების შემდეგ უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან თქვა, რომ გადაიხედება ის რეკომენდაციაც, რომელიც ინტერესთა კონფლიქტს ეხება. კერძოდ, თუ მოსამართლეობის კანდიდატი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრია, ის სხვა მოსამართლეების არჩევაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. 

რაც შეეხება მოსამართლეების რაოდენობას, რაზეც ვენეციის კომისია მიუთითებს, რომ უმჯობესია ახლა დაინიშნოს უვადო მოსამართლეთა ნაწილი, ნაწილი კი შემდგომი მოწვევის პარლამენტმა დააკომპლექტოს - არჩილ თალაკვაძის თქმით, ამის შესახებ მმართველი გუნდი კონსულტაციებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან გაივლის. 

მართველი გუნდი უარს ამბობს, გაითვალისწინოს რეკომენდაცია, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ფარული კენჭისყრის ჩატარების გაუქმებას გულისხმობს. 

ვენეციის კომისია წერს, რომ "კანდიდატების კვალიფიკაციის შესახებ ინფორმაცია საჯარო უნდა გახდეს და პროცედურა ობიექტურ კრიტერიუმებზე უნდა იყოს დამყარებული. კანდიდატები რეიტინგში უნდა დალაგდნენ იმ ქულების მიხედვით, რომლებსაც ისინი შეფასების პროცესში დააგროვებენ. ამით შესაძლებელი იქნება, რომ პარლამენტში წარადგინონ მხოლოდ საუკეთესო კანდიდატები ამ სიიდან". 

თალაკვაძის თქმით: 

"რაც შეეხება ღია კენჭისყრას, რასაც ახლა ითხოვენ ეს ოპონენტები, მე შეგახსენებთ, რომ ღია კენჭისყრა იყო ზეწოლის და პირდაპირი კონტროლის ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი წინა ხელისუფლების დროს, რაც ჩვენ შევცვალეთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციით 2013 წელს და ეს გადაწყვეტილება დარჩება უცვლელი". 

საერთო სასამართლოების შესახებ კანონში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის წესთან დაკავშირებით ცვლილებები პირველი მოსმენით მიღებულია. დღეს უმრავლესობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებები კანონპროექტში ასევე ასახულია და მას პარლამენტი დღეს, 18 აპრილს, პლენარულ სხდომაზე განიხილავს. 

კომენტარები