კობახიძის კანონპროექტი

ჩიტიძე: ვენეციის კომისიის დასკვნების მცირე ნაწილის გათვალისწინება სურათს არ ცვლის

გიორგი ჩიტიძე
რადიო თავისუფლება

იურისტ გიორგი ჩიტიძის თქმით, მმართველი გუნდის გადაწყვეტილება, რომ ვენეციის კომისიის დასკვნების მცირე ნაწილს ითვალისწინებს, რეალურად სურათს არ ცვლის, ვინაიდან ქართულმა ოცნებამ უარი თქვა რამდენიმე მნიშვნელოვანი რეკომენდაციის მიღებაზე. 

უფრო კონკრეტულად, ჩიტიძე, რომელიც ღია საზოგადოების ფონდსაც წარმოადგენს, ამბობს, რომ ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია მოსამართლეთა შერჩევის დროს ფარული კენჭისყრის გაუქმება იყო. 

იურისტის შეფასებით, როგორც ვენეციის კომისია, ისე ეუთო მმართველ გუნდს ორ ვარიანტს სთავაზობდა: 

ერთი ფარული კენჭისყრის გაუქმება, კანდიდატების ქულებით შეფასება და გასაჩივრების უფლების დატოვება იყო, რაზეც "ოცნებამ" უარი თქვა. 

ჩიტიძის თქმით, მეორე ვარიანტი შეიძლება იყოს ის, რომ "გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს საბჭომ დახურულ ფორმატში და დაასაბუთოს. ეს იქნება საბჭოს სახელით მიღებული გადაწყვეტილება, ხოლო ვინც მხარს არ დაუჭერს, განსხვავებულ აზრს დაწერს. ასე შეიძლება უზრუნველვყოთ ღიაობა და გამჭვირვალობა". 

თუმცა, მმართველმა გუნდმა ამაზეც უარი თქვა.

"პრობლემა რა იყო - ამ ქულებს რომ უწერ, რა ხდება - შეიძლება დაბალქულიანი გადაიყვანონ და მაღალქულიანი კონკურსს მიღმა დარჩეს. ქულები და შეფასება არაფერს ასაბუთებს, არადა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.

ამის გარეშე პროცესი ისევ დახურულია, ისევ რისკები ჩნდება, რომ გარიგდნენ, კენჭისყრის პროცედურა, ქვორუმები, გადაწყვეტილების მიღება ისევ ისე რჩება, შესაბამისად ძალიან ფორმალურია ის, რა ცვლილებებსაც დათანხმდნენ. 

გამოცდა რომ აღარ იქნება, ერთი მხრივ, შეიძლება კარგი იყოს, მაგრამ როცა ადამიანმა იცის, რომ ყოვლად დაუსაბუთებლად იღებენ გადაწყვეტილებას, ვერ იგებს, რის საფუძველზე ეთქმება უარი და რის საფუძველზე გადავა, რა თქმა უნდა, თავს შეიკავებს კონკურსში მონაწილეობისგან. 

ანუ ფუნდამენტური მოთხოვნა ცვლილებებისა იყო ეს - ღიაობა და საჯაროობა". 

გიორგი ჩიტიძე ამბობს, რომ კენჭისყრის ფარულობის ძალაში დატოვება საშუალებას მისცემს იმ 11 ადამიანს, რომლებიც "კლანის" ფავორიტები არიან და თავდაპირველად წარდგენილ სიაში იყვნენ, გადავიდნენ გრძელ თუ მოკლე სიაში. 

"ეუთოს და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების მთელი არსი ის იყო, რომ სასამართლოში რაც შეიძლება კვალიფიციური კანდიდატები დაინიშნონ. ლოგიკა ეს არის.

ამ საერთაშორისო ინსტიტუტის დასკვნებში იქ საკითხები ერთმანეთს ლოგიკურად ებმება. გამოცდას არ ჩავაბარებინებ, მაგრამ მერე სრულიად გაუგებარი პროცედურით გადავარჩევ - ეს, ბუნებრივია, არ ემსახურება იმ მიზნებს, რაზეც ორივე ინსტიტუტი აპელირებს, რომ პროცესი უნდა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე, დასაბუთებული. ისინი პირდაპირ მიუთითებენ, რომ კანდიდატს უნდა უთხრა, რატომ არ აირჩიე ან რატომ აირჩიე ის ხალხი, ვინც მოხვდება საბოლოო სიაში" - ამბობს იურისტი გიორგი ჩიტიძე. 

მმართველმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების ნაწილი და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის შესახებ კანონპროექტიდან ის ნაწილი ამოიღოს, რომელიც კანდიდატებისთვის გამოცდის ჩატარებას ითვალისწინებს. 

ვენეციის კომისიის დასკვნის შესახებ კონსულტაციები დღეს ქართული ოცნების ოფისში გაიმართა. 

შეხვედრის დასრულების შემდეგ უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან თქვა, რომ გადაიხედება ის რეკომენდაციაც, რომელიც ინტერესთა კონფლიქტს ეხება. კერძოდ, თუ მოსამართლეობის კანდიდატი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრია, ის სხვა მოსამართლეების არჩევაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. 

რაც შეეხება მოსამართლეების რაოდენობას, რაზეც ვენეციის კომისია მიუთითებს, რომ უმჯობესია ახლა დაინიშნოს უვადო მოსამართლეთა ნაწილი, ნაწილი კი შემდგომი მოწვევის პარლამენტმა დააკომპლექტოს - არჩილ თალაკვაძის თქმით, ამის შესახებ მმართველი გუნდი კონსულტაციებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან გაივლის. 

მართველი გუნდი უარს ამბობს, გაითვალისწინოს რეკომენდაცია, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ფარული კენჭისყრის ჩატარების გაუქმებას გულისხმობს. 

ვენეციის კომისია წერს, რომ "კანდიდატების კვალიფიკაციის შესახებ ინფორმაცია საჯარო უნდა გახდეს და პროცედურა ობიექტურ კრიტერიუმებზე უნდა იყოს დამყარებული. კანდიდატები რეიტინგში უნდა დალაგდნენ იმ ქულების მიხედვით, რომლებსაც ისინი შეფასების პროცესში დააგროვებენ. ამით შესაძლებელი იქნება, რომ პარლამენტში წარადგინონ მხოლოდ საუკეთესო კანდიდატები ამ სიიდან". 

თალაკვაძის თქმით: 

"რაც შეეხება ღია კენჭისყრას, რასაც ახლა ითხოვენ ეს ოპონენტები, მე შეგახსენებთ, რომ ღია კენჭისყრა იყო ზეწოლის და პირდაპირი კონტროლის ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი წინა ხელისუფლების დროს, რაც ჩვენ შევცვალეთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციით 2013 წელს და ეს გადაწყვეტილება დარჩება უცვლელი". 

ვენეციის კომისიამ კობახიძის კანონპროექტზე დასკვნა 16 აპრილს გამოაქვეყნა. 

დასკვნაში ვენეციის კომისია კობახიძის კანონპროექტს რამდენიმე მიმართულებით აკრიტიკებს და პრაქტიკულად, რეკომენდაციებით სრულად ცვლის კანონპროექტის არსს. 

დასკვნაში ყურადღება გამახვილებულია იმაზე, რომ ექსტრაორდინარულია ვითარება, რომლის დროსაც მოქმედ საპარლამენტო უმრავლესობას შეუძლია უზენაესი საბჭოს სრულად ახალი შემადგენლობის დაკომპლექტება და ვენეციის კომისია ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ მხოლოდ იმდენი კანდიდატი დანიშნონ, რამდენიც აუცილებელია უზენაესი საბჭოს მუშაობის პროცესისათვის. 

ამასთან, ვენეციის დასკვნაში წერია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო საზოგადოების დიდი ნაწილის მხრიდან მნიშვნელოვანი უნდობლობით სარგებლობს.

ვენეციის დასკვნის გამოქვეყნებიდან მეორე დღეს, 17 აპრილს კანონპროექტთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმაც (ODIHR), რომელიც ვენეციის კომისიის დასკვნის პათოსს იზიარებს და იქვე ამატებს, რომ კანონპროექტში ასახული მოსამართლეთა დანიშვნის დაჩქარებული პროცესი შემაშფოთებელია. 

ამასთან, ODIHR წერს, რომ პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისა და მისი თავმჯდომარი არჩევა და ამასთან მაღლესი საბჭოს საბოლოო შემადგენლობაზე მისი გავლენა, პროცესის პოლიტიზირების რისკს ატარებს და შესაძლოა, ძირი გამოუთხაროს უზენაესი სასამართლოს (და დანიშნული მოსამართლეების) დამოუკიდებლობისა და აპარტიულობის შესაძლებლობას.

18 აპრილს უმრავლესობის სხდომა გაიმართა, სადაც ქართული ოცნების დეპუტატებმა გადაწყვიტეს, რომ ვენეციის კომისიის მხოლოდ ორ რეკომენდაციას გაითვალისწინებენ - გამოცდის გაუქმება არამოსამართლე კანდიდატებისთვის და ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებულ რეკომენდაციას, რომელიც იმას გულისხმობს, რომ თუკი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატია, ის თავისი ოპონენტის შეფასების პროცესიდან მთლიანად იქნება გამოთიშული. 

ქართული ოცნების თქმით, ვენეციის კომისიის მთავარ რეკომენდაციაზე, რომელიც ეხება იმას, რომ ერთი მოწვევის პარლამენტმა სრულად არ დააკომპლექტოს უზენაესი სასამართლო და მხოლოდ იმდენი მოსამართლე დანიშნოს, რამდენიც აუცილებელია უზენაესი სასამართლოს ფუნქციონირებისთვის, კონსულტაციებს გაივლიან უზენაეს სასამართლოსთან. 

მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სახალხო დამცველი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ანრი ოხანაშვილს, მოუწოდებდნენ, ვენეციის კომისიის დასკვნამდე კობახიძის კანონპროექტი კომიტეტზე არ განხილულიყო, ოხანაშვილმა არ გაითვალისწინა საზოგადოებრივი პროტესტი და 15 აპრილს კანონპროექტს კენჭი უყარეს და მხარიც დაუჭირეს. 

20 მარტს საზოგადოებრივი პროტესტის მიუხედავად 89 ხმით პარლამენტმა მოსამართლეთა შერჩევის შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო. 

კანონპროექტი "საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანულ კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს და უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნი მოსამართლეების შერჩევის პროცედურებსა და კრიტერიუმებს განსაზღვრავს. 

კანონპროექტს ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრთა ნაწილი მწვავედ აკრიტიკებს და მას "ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანისთვის შეკერილ მანტიას" უწოდებს.

რა წერია "კობახიძის კანონპროექტში", ვრცლად წაიკითხეთ აქ

კომენტარები