ფადი ასლი

ფადი ასლიმ სასამართლო დავა მოუგო მოსამართლეს, რომელსაც კორუმპირებული უწოდა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძის სარჩელი საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტის, ფადი ასლის წინააღმდეგ. კაკაბაძემ ფადი ასლის მას შემდეგ უჩივლა, რაც ასლიმ მოსამართლეს კორუმპირებული უწოდა.

კაკაბაძის სარჩელი თავდაპირველად როგორც საქალაქო, ისევე სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა და ფადი ასლის მისთვის 3000 ლარიანი კომპენსაციის გადახდა დაევალა. ასლიმ გადაწყვეტილება მესამე ინსტანციაში გაასაჩივრა.

"მე ვერც კი დავმალავ ჩემს გაკვირვებას ამ საქმის მოგებასთან დაკავშირებით, რადგან დარწმუნებული ვიყავი, რომ თავისი კოლეგის სოლიდარობის ნიშნად უზენაესი სასამართლოც მის სასარგებლოდ გადაწყვეტდა საქმეს" - აცხადებს ფადი ასლი.

2017 წელს ფადი ასლიმ კორუმპირებული უწოდა მოსამართლეს, რომელმაც საერთაშორისო სავაჭრო პალატის წევრ კომპანიებს,ფილიპ მორის საქართველოს, ბრითიშ ამერიკან ტობაკოსა და ტერაბანკს $138 მილიონიანი ჯარიმა დააკისრა. საქმე იმაში იყო, რომ მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ეყრდონობოდა კანონის მცდარ ინტერპრეტაციას, რომელიც სასამართლო პრაქტიკაში საერთოდ არ არსებობდა. საბოლოოდ, ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკისა და ნეგატიური შეფასებების შედეგად სააპელაციო სასამართლომ ისინი გააუქმა. 

საქმეში არსებულ სამართლებრივ ხარვეზებზე საუბრობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც.

შედეგად, კაკაბაძემ ფადი ასლის უჩივლა და მისგან მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის 20 000 ლარს ითხოვდა, თუმცა სასამართლომ ზიანი 3 000 ლარად შეაფასა.

 

კომენტარები