კობახიძის კანონპროექტი

ზედელაშვილი: ორბანის მეთოდია ინსტიტუტების დამანგრეველ კანონებზე უშინაარსო "კომპრომისები"

დავით ზედელაშვილი / დავით ზედელაშვილი

კონსტიტუციონალისტი დავით ზედელაშვილი ამბობს, რომ ქართული ოცნების მხრიდან ვენეციის კომისიის მხოლოდ ორი რეკომენდაციის გათვალისწინება კანონპროექტში არსებითად არაფერს ცვლის. 

ამის შესახებ ზედელაშვილი ტაბულასთან საუბრობს. 

"საკვალიფიკაციო გამოცდის მოხსნა უსამართლო ბარიერებს მოუხსნის სასამართლოს გარედან მოსულ კვალიფიციურ კანდიდატს, რომელიც კვლავ უშანსოდ დარჩება დახურულ კარს მიღმა, ფარულად ჩატარებულ პროცესში, სადაც კლანს საკუთარი გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება არ ექნება და შეძლებს უტიფრად უთხრას მათზე გაცილებით კომპეტენტურ იურისტებს, რომ დაიწუნეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისთვის,"- ამბობს ზედელაშვილი. 

კონსტიტუციონალისტის შეფასებით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციები ბავშვისთვის საჩუქრად მირთმეული შოკოლადის ნაკრები არ არის, რომელიც ხელისუფლებას შეუძლია, გემოვნებისდა მიხედვით შეარჩიოს. 

"ამ თვითნებობას ვერც ის უშველის რომ ღიად აღარ დაარღვევენ სამართლის ზოგად პრინციპს, რომ არავინ შეიძლება იყოს მოსამართლე საკუთარ საქმეში (Nemo judex in causa sua) და იუსტიციის საბჭოს წევრებს საკუთარი კანდიდატურისთვის ხმის მიცემის შესაძლებლობა აღარ ექნებათ - კლანი და მისი თანამეინახეები საპარლამენტო უმრავლესობის მიერ დანიშნული სამი ემისარის სახით მათ მაინც დაუჭერენ მხარს. ვენეციის კომისიის რეკომენდაციები არ არის ბაშვისთვის საჩუქრად მირთმეული შოკოლადის ნაკრები, რომელიც გემოვნებით შეგიძლია აირჩიო," - ამბობს დავით ზედელაშვილი. 

კონსტიტუციონალისტის თქმით, ყველა ეს რეკომენდაცია ერთიანობაში შექმნილი მძიმე მდგომარეობიდან გამოსავალს ქმნის იმ ფონზე, როდესაც მთელ უზენაეს სასამართლოს სრულად დისკრედიტირებული იუსტიციის უმაღლესი საბჭო და ერთი პოლიტიკური უმრავლესობა ნიშნავს. 

"ყველა ეს რეკომენდაცია ერთიანობაში ქმნის გამოსავალს შექმნილი მძიმე მდგომარეობიდან, როდესაც მთელს უზენაეს სასამართლოს სრულად დისკრედიტირებული იუსტიციის საბჭო და ერთი პოლიტიკური უმრავლესობა ნიშნავს. ამ მდგომარეობაში მათივე ინტერესში უნდა იყოს რომ პროცედურების გამჭირვალობითა და სამართლიანობით მაინც აინაზღაურონ საზოგადოებრივი ნდობის არარსებობა, რათა ამით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სასამართლო ინსტიტუტი უზენაესი სასამართლო არ დატოვონ თავისნაირ დისკრედიტირებულ მდგომარეობაში და ერთი უმრავლესობის "ჯიბის სასამართლოდ,"- ამბობს დავით ზედელაშვილი. 

იურისტი პარალელს ავლებს ვიქტორ ორბანთან და ამბობს, რომ ვენეციის კომისიისა და სხვა ევროპული ინსტიტუტების აუცილებელი რეკომენდაციებიდან გემოვნებით შერჩევის პრაქტიკა ევროპული არალიბერალური ავტორიტარული რეჟიმების პრაქტიკაში სწორედ მან დაამკვიდრა. 

"ზოგადად, ვენეციის კომისიის და სხვა ევროპული ინსტიტუტების სასიცოცხლოდ აუცილებელი რეკომენდაციებიდან გემოვნებით შერჩევის პრაქტიკა ევროპული არალიბერალური ავტორიტარული რეჟიმების პრაქტიკაში ვიქტორ ორბანმა დანერგა. კანონპროექტებში, რომლებიც ნაბიჯ-ნაბიჯ ანადგურებდნენ დამოუკიდებელ ინსტიტუტებს ორბანის მთავრობა შეფარულ ზომებთან ერთად ცალსახად ოდიოზურ ზომებსაც უთითებდა, რომ მერე მათზე საერთაშორისო რეკომენდაციების საფუძველზე ეთქვა უარი, კომპრომისად წარმოეჩინა, მაგრამ ინსტიტუტების დამანგრეველი კანონპროექტი მაინც გაეტანა. ამის შემდეგ ორბანი უფრო დაიხვეწა, ის ახერხებს ისეთი საკანონმდებლო რეფორმების გატანას რომელიც თავისთავად არ არის პრობლემური თუმცა არსებულ პოლიტიკურ კონტექსტში მოქმედებს დამანგრევლად. ირაკლი კობახიძე და მისი გუნდი ორბანის უნიჭო მოსწავლეები არიან, ორბანთან და მისი იურისტების გუნდთან ვერც კომპეტენციითა და ვერც კლასით ახლოსაც ვერ მივლენ. ის რომ კანონის ყველაზე ცალსახად ოდიოზურ დეფექტებს ასწორებენ, ვერც კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებად გამოდგება და ვერც ჯიბის სასამართლოს ფორმირებას შეუშლის ხელს,"- ამბობს ზედელაშვილი. 

ვენეციის კომისიამ პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, კანონპროექტზე, რომელიც მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებს ეხება, დასკნა 16 აპრილს გამოაქვეყნა

დასკვნაში ვენეციის კომისია კობახიძის კანონპროექტს რამდენიმე მიმართულებით აკრიტიკებს და პრაქტიკულად, რეკომენდაციებით სრულად ცვლის კანონპროექტის არსს. 

დასკვნაში ყურადღება გამახვილებულია იმაზე, რომ ექსტრაორდინარულია ვითარება, რომლის დროსაც მოქმედ საპარლამენტო უმრავლესობას შეუძლია უზენაესი სასამართლოს სრულად ახალი შემადგენლობის დაკომპლექტება და ვენეციის კომისია ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ მხოლოდ იმდენი კანდიდატი დანიშნონ, რამდენიც აუცილებელია უზენაესი სასამართლოს მუშაობის პროცესისათვის. 

ამასთან, ვენეციის დასკვნა წერს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო საზოგადოების დიდი ნაწილის მხრიდან მნიშვნელოვანი უნდობლობით სარგებლობს.

ვენეციის დასკვნის გამოქვეყნებიდან მეორე დღეს, 17 აპრილს კანონპროექტთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმაც (ODIHR), რომელიც ვენეციის კომისიის დასკვნის პათოსს იზიარებს და იქვე ამატებს, რომ კანონპროექტში ასახული მოსამართლეთა დანიშვნის დაჩქარებული პროცესი შემაშფოთებელია. 

ამასთან, ODIHR წერს, რომ პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისა და მისი თავმჯდომარი არჩევა და ამასთან მაღლესი საბჭოს საბოლოო შემადგენლობაზე მისი გავლენა, პროცესის პოლიტიზირების რისკს ატარებს და შესაძლოა, ძირი გამოუთხაროს უზენაესი სასამართლოს (და დანიშნული მოსამართლეების) დამოუკიდებლობისა და აპარტიულობის შესაძლებლობას.

18 აპრილს უმრავლესობის სხდომა გაიმართა, სადაც ქართული ოცნების დეპუტატებმა გადაწყვიტეს, რომ ვენეციის კომისიის მხოლოდ ორ რეკომენდაციას გაითვალისწინებენ - გამოცდის გაუქმება არამოსამართლე კანდიდატებისთვის და ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებულ რეკომენდაციას, რომელიც იმას გულისხმობს, რომ თუკი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატია, ის თავისი ოპონენტის შეფასების პროცესიდან მთლიანად იქნება გამოთიშული. 

ქართული ოცნების თქმით, ვენეციის კომისიის მთავარ რეკომენდაციაზე, რომელიც ეხება იმას, რომ ერთი მოწვევის პარლამენტმა სრულად არ დააკომპლექტოს უზენაესი სასამართლო და მხოლოდ იმდენი მოსამართლე დანიშნოს, რამდენიც აუცილებელია უზენაესი სასამართლოს ფუნქციონირებისთვის, კონსულტაციებს გაივლიან უზენაეს სასამართლოსთან. 

მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სახალხო დამცველი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ანრი ოხანაშვილს, მოუწოდებდნენ, ვენეციის კომისიის დასკვნამდე კობახიძის კანონპროექტი კომიტეტზე არ განხილულიყო, ოხანაშვილმა არ გაითვალისწინა საზოგადოებრივი პროტესტი და 15 აპრილს კანონპროექტს კენჭი უყარეს და მხარიც დაუჭირეს. 

20 მარტს საზოგადოებრივი პროტესტის მიუხედავად 89 ხმით პარლამენტმა მოსამართლეთა შერჩევის შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო. 

კანონპროექტი "საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანულ კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს და უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნი მოსამართლეების შერჩევის პროცედურებსა და კრიტერიუმებს განსაზღვრავს. 

კანონპროექტს ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრთა ნაწილი მწვავედ აკრიტიკებს და მას "ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანისთვის შეკერილ მანტიას" უწოდებს.

რა წერია "კობახიძის კანონპროექტში", ვრცლად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები