ვენეციის კომისიის დასკვნა

ბესელია: თუ ვენეციის კომისიის უკეთეს სტანდარტს არ გაიზიარებდნენ, რატომ მიმართეს?

ტაბულა

"მაინტერესებს, თუ ვენეციის კომისიას არ გაუგონებდნენ და არ გაიზიარებდნენ მათ შემოთავაზებულ უკეთეს სტანდარტს - რატომ მიმართეს?" - ამბობს ქართული ოცნებიდან წასული დეპუტატი, ეკა ბესელია.

მისივე თქმით, უმრავლესობის მხრიდან მორიგი სიცრუე და შეურაცხყოფაა, რომ მათ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები გაითვალისწინეს.

"ეს მორიგი შეურაცხყოფა და მორიგი სიცრუეა რომ თითქოს, ვენეციის კომისიის რეკომენდაციები გაითვალისწინეს. ერთადერთი, რაც არის ამ პროექტში ჩასწორებული, არის გამოცდა, რომელზეც ვამბობდით, რომ არ შეიძლება ყოფილიყო, როგორც ბარიერი. ინტერესთა კონფლიქტიც კი არ არის გაზიარებული. მაინტერესებს, თუ ვენეციის კომისიას არ გაუგონებდნენ და არ გაიზიარებდნენ მათ შემოთავაზებულ უკეთეს სტანდარტს, რატომ მიმართეს? რას ნიშნავს, რომ არ ითვალისწინებ არცერთი საერთაშორისო ორგანიზაციის რჩევას, არც შიდა მოსახლეობს განწყობას და ასე ჯიქურ იღებ გადაწყვეტილებებს." - ამბობს ეკა ბესელია.

ვენეციის კომისიამ უმრავლესობის მიერ მომზადებულს კანონპროექტზე კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც წერია, რომ "პარლამენტმა მხოლოდ იმ რაოდენობით მოსამართლეები უნდა დაამტკიცოს უზენაეს სასამართლოში, რაც აბსოლუტურად აუცილებელია უზენაესი სასამართლოს მუშაობისთვის. 

კანონპროექტი რამდენიმე კუთხით უნდა გაუმჯობესდეს. მთავარი რეკომენდაციებია:

• უფრო მაღალი ასაკის მოთხოვნა და მეტი ყურადღების გამახვილება კანდიდატის გამოცდილებაზე ისევე, როგორც დასაშვებობის კრიტერიუმებში უნდა იყოს განსჯისუნარიანობა, დამოუკიდებლობა და მრავალფეროვნება. 

• უნდა გადაიხედოს არამოსამართლე კანდიდატებისთვის მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის მოთხოვნა, რადგანაც როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მხოლოდ "სამართალწარმოებაში გამორჩეული კვალიფიკაციის სპეციალისტებს" შეუძლიათ იყვნენ უზენაესი სასამართლოს არამოსამართლე კანდიდატები. ასეთი კვალიფიკაციის მქონე ადამაინებს არ უნდა ვაიძულოთ ისხდნენ გამოცდაზე, რათა დაამტკიცონ, რომ შეუძლიათ კანონთან მუშაობა, რაც უზენაესი სასამართლოს მუშაობაში აუცილებელია. 

• იუსტიციის უმაღლესი საბჭოში ფარული კენჭისყრის ჩატარება უნდა გაუქმდეს; კანდიდატების კვალიფიკაციის შესახებ ინფორმაცია საჯარო უნდა გახდეს და პროცედურა ობიექტურ კრიტერიუმებზე უნდა იყოს დამყარებული. კანდიდატები რეიტინგში უნდა დალაგდნენ იმ ქულების მიხედვით, რომლებსაც ისინი შეფასების პროცესში დააგროვებენ. ამით შესაძლებელი იქნება, რომ პარლამენტში წარადგინონ მხოლოდ საუკეთესო კანდიდატები ამ სიიდან. 

• კანდიდატების შერჩევისა და გარიცხვის გადაწყვეტილებების გასაჩივრება შესაძლებელი უნდა იყოს. 

• იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატია, გათავისუფლებული უნდა იყოს ყველა პროცედურისგან, რომელიც კანდიდატების შერჩევასა და ნომინირებას ეხება".

კომენტარები