კობახიძის კანონპროექტი

კობახიძის კანონპროექტის კენჭისყრამდე პარლამენტის წინაშე ომბუდსმენი მოხსენებით წარდგება

სახალხო დამცველის აპარატი

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, კანონპროექტის კენჭისყრას, რომელიც უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნის კრიტერიუმებს ეხება, დღეს სახალხო დამცველიც დაესწრება და ის პარლამენტის წინაშე მოხსენებით წარდგება. 

ნინო ლომჯარია კანონპროექტის განხილვას თავისი ინიციატივით ესწრება. ომბუდსმენის თქმით, ის, როგორც სახალხო დამცველი, თავს ვალდებულად თვლის, რომ ამ პროცესში ჩართული იყოს. 

"ჩემი მიმართვის ძირითადი აქცენტები იქნება ის საერთაშორისო დოკუმენტები და რეკომენდაციები, სადაც პირდაპირ არის მოცემული ყველა იმ შეკითხვაზე პასუხები, რასაც ამ დღეების განმავლობაში პარლამენტი განიხილავს, თუ როგორ უნდა იყოს შერჩეული კანდიდატები, ნომინირებული და შემდეგ არჩეული პარლამენტის მიერ. ამ მოსამართლეთა დანიშვნის პროცესს მხოლოდ ტექნიკური ხასიათი არ აქვს, ის არის ადამიანის უფლებების შემადგენელი ნაწილი და მე, როგორც სახალხო დამცველი, თავს ვალდებულად ვგრძნობ, რომ ამ პროცესში მივიღო მონაწილეობა. შერჩევა უნდა იყოს დასაბუთებული დამოუკიდებელი საბჭოების მიერ, ამაზე საუბრობს ვენეციის კომისიაც და ODIHR-იც," - ამბობს ლომჯარია ჟურნალისტებთან საუბრისას. 

"ქართულმა ოცნებამ" კომისიის მხოლოდ რამდენიმე რეკომენდაცია გაითვალისწინა და დღეს კენჭისყრაზე განახლებული კანონპროექტი გავა, რომელსაც, მაღალი ალბათობით, საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს.

პარლამენტში პლენარული სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული.

ვენეციის კომისიამ პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, კანონპროექტზე, რომელიც მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებს ეხება, დასკნა 16 აპრილს გამოაქვეყნა

დასკვნაში ვენეციის კომისია კობახიძის კანონპროექტს რამდენიმე მიმართულებით აკრიტიკებს და პრაქტიკულად, რეკომენდაციებით სრულად ცვლის კანონპროექტის არსს. 

დასკვნაში ყურადღება გამახვილებულია იმაზე, რომ ექსტრაორდინარულია ვითარება, რომლის დროსაც მოქმედ საპარლამენტო უმრავლესობას შეუძლია უზენაესი სასამართლოს სრულად ახალი შემადგენლობის დაკომპლექტება და ვენეციის კომისია ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ მხოლოდ იმდენი კანდიდატი დანიშნონ, რამდენიც აუცილებელია უზენაესი სასამართლოს მუშაობის პროცესისათვის. 

ამასთან, ვენეციის დასკვნა წერს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო საზოგადოების დიდი ნაწილის მხრიდან მნიშვნელოვანი უნდობლობით სარგებლობს.

ვენეციის დასკვნის გამოქვეყნებიდან მეორე დღეს, 17 აპრილს კანონპროექტთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმაც (ODIHR), რომელიც ვენეციის კომისიის დასკვნის პათოსს იზიარებს და იქვე ამატებს, რომ კანონპროექტში ასახული მოსამართლეთა დანიშვნის დაჩქარებული პროცესი შემაშფოთებელია. 

ამასთან, ODIHR წერს, რომ პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისა და მისი თავმჯდომარი არჩევა და ამასთან მაღლესი საბჭოს საბოლოო შემადგენლობაზე მისი გავლენა, პროცესის პოლიტიზირების რისკს ატარებს და შესაძლოა, ძირი გამოუთხაროს უზენაესი სასამართლოს (და დანიშნული მოსამართლეების) დამოუკიდებლობისა და აპარტიულობის შესაძლებლობას.

18 აპრილს უმრავლესობის სხდომა გაიმართა, სადაც ქართული ოცნების დეპუტატებმა გადაწყვიტეს, რომ ვენეციის კომისიის მხოლოდ ორ რეკომენდაციას გაითვალისწინებენ - გამოცდის გაუქმება არამოსამართლე კანდიდატებისთვის და ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებულ რეკომენდაციას, რომელიც იმას გულისხმობს, რომ თუკი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატია, ის თავისი ოპონენტის შეფასების პროცესიდან მთლიანად იქნება გამოთიშული. 

ქართული ოცნების თქმით, ვენეციის კომისიის მთავარ რეკომენდაციაზე, რომელიც ეხება იმას, რომ ერთი მოწვევის პარლამენტმა სრულად არ დააკომპლექტოს უზენაესი სასამართლო და მხოლოდ იმდენი მოსამართლე დანიშნოს, რამდენიც აუცილებელია უზენაესი სასამართლოს ფუნქციონირებისთვის, კონსულტაციებს გაივლიან უზენაეს სასამართლოსთან. 

მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სახალხო დამცველი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ანრი ოხანაშვილს, მოუწოდებდნენ, ვენეციის კომისიის დასკვნამდე კობახიძის კანონპროექტი კომიტეტზე არ განხილულიყო, ოხანაშვილმა არ გაითვალისწინა საზოგადოებრივი პროტესტი და 15 აპრილს კანონპროექტს კენჭი უყარეს და მხარიც დაუჭირეს. 

20 მარტს საზოგადოებრივი პროტესტის მიუხედავად 89 ხმით პარლამენტმა მოსამართლეთა შერჩევის შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო. 

კანონპროექტი "საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანულ კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს და უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნი მოსამართლეების შერჩევის პროცედურებსა და კრიტერიუმებს განსაზღვრავს. 

კანონპროექტს ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრთა ნაწილი მწვავედ აკრიტიკებს და მას "ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანისთვის შეკერილ მანტიას" უწოდებს.

რა წერია "კობახიძის კანონპროექტში", ვრცლად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები