ქანთარია ქობულიას გადადგომაზე: ბუნებრივია, ბიძინა ივანიშვილის ავლით ასეთი რამეები არ ხდება

პარლამენტი

ქართული ოცნების დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ კითხვაზე, აქვს თუ არა ბიძინა ივანიშვილს ეკონომიკის მინისტრის, გიორგი ქობულიას თანამდებობიდან გადაყენებასთან კავშირი, აღნიშნა, რომ ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე, დამფუძნებელია და ბუნებრივია, რომ "ივანიშვილის ავლით ასეთი რამეები არ ხდება".

მისივე შეფასებით, მმართველ გუნდში ცვლილებები ხდება, რასაც იგი მიესალმება და ეს ცვლილებები უკვე დაწყებულია.

"სულ ვამბობ და ვამბობ გადაჭრით, რომ ცვლილებები ეს არის დროის მოთხოვნა. ეს არის რეალობა რომ მოხდეს მმართველ გუნდში ცვლილებები. ასე რომ ეს ცვლილებები დაიწყო, რასაც მე მივესალმები. ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი პარტიის თავმჯდომარე, დამფუძნებელი და საერთოდ აი ამ დროის შემქმნელი, 2012 წლის შემქმნელი. ასე რომ ბუნებრივია, რომ ბიძინა ივანიშვილის ავლით ასეთი რამეები არ ხდება," - თქვა ნუკრი ქანთარიამ.

გიორგი ქობულია ეკონომიკის მინისტრის პოსტიდან გუშინ, 18 აპრილს, გაათავისუფლეს. იგი ეკონომიკის სამინისტროს 2018 წლის 12 ივლისიდან ხელმძღვანელობდა.

ქობულიას ადგილი ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროში ნათია თურნავამ დაიკავა.

ინფორმაცია, რომ ქობულია თანამდებობას ტოვებდა, რამდენიმე კვირა ვრცელდებოდა, თუმცა, უკვე ყოფილი მინისტრი ამბობდა, რომ ეს ინფორმაცია ჭორი იყო.

კომენტარები