მოგზაურობა

ELLINAIR თბილისიდან სალონიკისა და კრეტას მიმართულებით სეზონურ ფრენებს შეასრულებს

en.ellinair.com

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ბერძნულ ავიაკომპანია ELLINAIR-თან მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შედეგად, მაისიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სალონიკისა და კუნძული კრეტას მიმართულებით სეზონური რეისების შესრულება განახლდება.

თბილისი-სალონიკი-თბილისის მიმართულებით ფრენა BOEING 737 – 30 ტიპის თვითმფრინავებით 21 მაისიდან 17 სექტემბრამდე კვირაში ერთი სიხშირით, ყოველ სამშაბათს შესრულდება. ბილეთის ღირებულება ერთი მიმართულებით 305 ლარიდან დაიწყება.

17 ივნისიდან კი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეისები კუნძული კრეტას მიმართულებით დაინიშნება. ჰერაკლიონის მიმართულებით რეისები ათდღიანი სიხშირით, Airbus A320 ტიპის თვითმფრინავით 30 სექტემბრამდე შესრულდება. ბილეთის ფასი ერთი მიმართულებით 465 ლარიდან იქნება. ორივე მიმართულებაზე ბილეთის ღირებულებაში 20 კგ ბარგი, 8 კგ ხელბარგი და ბორტზე კვება შედის.

"საქართველოს მოქალაქეებში საბერძნეთი ერთ-ერთი პოპულარული მიმართულებაა. თბილისიდან ათენის მიმართულებით ფრენებს ბერძნული ავიაკომპანია Aegean Airlines ასრულებს. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან კი პირდაპირი რეგულარული რეისები საბერძნეთის მიმართულებით ათენსა და სალონიკში სრულდება. აგვისტოდან საბერძნეთის დედაქალაქის მიმართულებით ფრენის სიხშირე გაიზრდება და ათენში მოხვედრა ქუთაისიდან უკვე კვირაში სამჯერ: სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს იქნება შესაძლებელი", - ამბობენ აეროპორტების გაერთიანებაში.

მათივე თქმით, რეისების დამატება ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ტურისტული პოტენციალის კიდევ უფრო გაღრმავებას.

კომენტარები