ავლაბრის რეზიდენცია

ბახტაძე: ავლაბრის რეზიდენციას ექნება ფუნქცია საზოგადოებრივი და სამუზეუმო სივრცისა

საქართველოს პარლამენტი

"ავლაბრის რეზიდენციას ექნება ფუნქცია საზოგადოებრივი და სამუზეუმო სივრცისა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომელიც პრეზიდენტის რეზიდენციებში ორმაგი ხარჯის გაწევას ეხებოდა. ბახტაძის თქმით, , აღნიშნულ შენობას ექნება რამდენიმე ფუნქცია, მათ შორის  მაღალი რანგის სტუმრების მასპინძლობა.

„თქვენ კითხვას სვამთ, რატომ გვექნება ორმაგი ხარჯი. ამ ორ შენობას სხვადასხვა ფუნქცია აქვს. ეს ერთი და იგივე ფუნქცია არ არის. ეს არ არის საპრეზიდენტო სასახლე. ეს შენობა აშენდა საქართველოს მოქალაქეების ფულით,  გადამხდელების თანხით და მას უნდა ჰქონდეს საზოგადოებრივი ფუნქცია, ეს საზოგადოებრივი ფუნქცია იქნება უზრუნველყოფილი ამ რამდენიმე მიმართულებით, რომელიც ჩემი აზრით არის ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც სახელმწიფოებრივი, ისე ეკონომიკური კონტექსტიდან გამომდინარე“ - თქვა პრემიერმინისტრმა.

პრეზიდენტის ყოფილ სასახლეს ავლაბარში სახელი გადაერქვა და პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და პარლამენტის ერთობლივი შეთანხმებით "სახელმწიფო ცერემონიების სასახლე" ეწოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეებმა თავიანთი გადასახადებით ერთდროულად ორი სასახლე უნდა შეინახონ. 

ის, რომ გამარჯვების შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილი ავლაბრის რეზიდენციის ნაცვლად ათონელის რეზიდანციაში შევიდოდა, 2018 წლის აგვისტოში დააანონსა. 

"ორბელიანთა სასახლეში თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ,"- ამბობდა პრეზიდენტი 2018 წელს. 

ზურაბიშვილმა პრეზიდენტის რანგში საქმიანობა დაუსრულებელ საახლეში დაიწყო. 

2013 წელს ორბელიანის სასახლეს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილისთვის არემონტებდნენ, თუმცა მაშინ მან გადაწყვიტა, რომ ავლაბრის რეზიდენციაში დარჩენილიყო. 

პირველი საპრეზიდენტო სასახლე, სადაც გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაცია მუშაობდა მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით 2004-2009 წლებში აშენდა. ავლაბრის რეზიდენციას მმართველი გუნდი 2013 წლის შემდეგ იმ მოტივით იწუნებს, რომ ის პრეზიდენტის ფუნქციებს არ შეესაბამება. 

რამდენიმე თვის განმავლობაში უცნობი იყო, რას უპირებდნენ ავლაბრის რეზიდენციას. სხვადასხვა დროს დასახელებული იდეების მიხედვით, იქ რომელიმე სამინისტროს განთავსებას ან სულაც გაყიდვას და, მაგალითად, სასტუმროდ ქცევას უპირებდნენ.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტებს ახლა ავლაბრის რეზიდენციაში მასპინძლობს. კვიპროსის პრეზიდენტის პატივსაცემად მან ვახშამი ავლაბრის სასახლეში გამართა.

კომენტარები