რუსეთი

რუსეთში Hellboy-ში ნეგატიურ კონტექსტში ნახსენები სტალინი ჰიტლერით შეცვალეს

რუსეთში Hellboy-ს რემეიქი 11 აპრილს გამოვიდა. ფილმის მთავარი გმირო დემონია, რომელიც სატანას განუდგება და ადამიანებს ბოროტებასთან ბრძოლაში ეხმარება.

ფილმის ერთ-ერთი ანტაგონისტი, რუსული ფოლკლორის პერსონაჟი ბაბა იაგაა, რომელსაც მთავარი პერსონაჟი ეუბნება:

"როგორც მახსოვს, შენ ნეკროპოლისიდან სტალინის აჩრდილის გამოძახება სცადე."

რუსეთში სტალინის სახელს ცენზურა დაადეს და სუბტიტრებში ის ადოლფ ჰიტლერით შეცვალეს.

ცენზურა დაადეს კიდევ ერთ რუსულ უცენზურო სიტყვას, რომელსაც ფილმში გრიგორი რასპუტინი წარმოთქვამს. აღსანიშნავია, რომ ინგლისურ უცენზურო სიტყვებს ცენზურა არ შეხებია.

ფილმების კლასიფიკაციის ბრიტანულმა საბჭომ ფილმს ასაკობრივი შეზღუდვა 15 წლით განუსაზღვრა, თუმცა რუსეთში ის 18 წლამდე აწიეს.

შეგახსენებთ, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც რუსეთში სტალინთან დაკავშირებული ცენზურა ყურადღების ცენტრში მოხვდა.

გასულ წელს რუსეთის კულტურის სამინისტრომ აკრძალა ბრიტანული სატირული ფილმის "სტალინის სიკვდილის" ჩვენება.

აღსანიშნავია, რომ სოციოლოგიური კვლევების ინსტიტუტის ლევადა-ცენტრის მიერ რუსეთში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, სტალინის პიროვნების მიმართ დადებითმა შეფასებამ ისტორიულ რეკორდს მიაღწია

საბჭოთა ლიდერის როლს დადებითად რუსეთის 70% აფასებს (52% მეტნაკლებად დადებითად აფასებს, ხოლო 18% - აბსოლუტურად დადებითად). რუსეთის მოსახლეობის მხოლოდ 19% აფასებს მას უარყოფითად (14% - მეტნაკლებად უარყოფითად, 5% - აბსოლუტურად უარყოფითად). 

კომენტარები