ესტონეთი-რუსეთი

ესტონეთის პრეზიდენტმა პუტინთან შეხვედრისას საქართველოზე ისაუბრა

ERR

18 აპრილს ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდმა რუსეთის პრეზიდენტთან შეხვდრის შემდეგ აღნიშნა, რომ მან საქართველოსა და უკრაინაში შექმნილ ვითარებაზეც ისაუბრა. ამის შესახებ ესტონური მედია იუწყება. რუსეთში ვიზიტის მიზეზი ესტონეთის ახალი სალჩო გახსნა იყო.

ესტონეთის პრეზიდენტის თქმით, პუტინთან განიხილა თუ როგორი შეიძლება იყოს კონფლიქტის გადაწყვეტის სამომავლო სცენარები და მან აღნიშნა, რომ ის მუდმივად ხაზს უსვამდა ევროკავშირის პოზიციას, რომელიც გმობს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და ყირიმის ანექსიას.

კალიულაიდმა აღნიშნა, რომ ესტონეთი ევროკავშირის წევრია და სრულიად უჭერს მხარს რუსეთის წინააღმდეგ ევროპულ სანქციებს და საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას.

ესტონეთის პრეზიდენტის თქმით, პუტინს უთხრა, რომ ორივე ქვეყანაში იყო და ადამიანებს ელაპარაკა მავთულხლართების ერთი მხრიდან მეორე მხარეს.

გაზეთ კომერსანტთან ინტერვიუში ესტონეთის პრეზიდენტს ჰკითხეს თუ რა განიხილეს საქართველოს შესახებ - “ეს განვიხილეთ, საქართველოში ახლა ახალი პრეზიდენტია და განვიხილეთ თუ რისი გაკეთებაა შესაძლებელი”.

უკრაინაზე საუბრისას პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში ახლა არჩევნები მიმდინარეობს. მან ასევე უკრაინაში მილიონზე მეტ იძულებით გადაადგილებულ პირზე ისაუბრა.

ესტონეთისა და რუსეთის პირველი პირები ბოლოს 2008 წლის 28 ივნისს შეხვდნენ, როდესაც ესტონეთი პრეზიდენტი ტოომას ჰენდრიკ ილვესი შეხვდა რუსეთის პრეზიდენტს. პრეზიდენტებმა განიხილეს ევროკავშირის ურთიერთობები და ესტონეთისა და რუსეთის სასაზღვრო შეთანხმება, რომელიც კვლავ არ არის რატიფიცირებული.

2017 წელს კერსტი კალიულაიდმა თქვა, რომ რუსეთთან შეხვედრას მხოლოდ მაშინ გამართავდა, როდესაც სასაზღვრო შეთანხმებას ხელს მოაწერდნენ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთისა და ესტონეთის ტერიტორიული საზღვარი სადაო საკითხი იყო მაშინ, როდესაც ესტონეთი ნატოსა და ევროკავშირს შეუერთდა. 2005 წელს ესტონეთის პარლამენტმა ხელი მოაწერა სასაზღვრო შეთანხმებას, თუმცა მოგვიანებით რუსეთმა უკან დაიხია.

ესტონეთის ორ რეგიონს აკავშირებს ვარსკა-ულიტინას გზა, რომელიც ერთადერთი დამაკავშირებელი გზაა ულიტინას ტერიტორიაზე. ესტონეთიდან გზა ერთი კილომეტრით რუსეთს კვეთს და შემდეგ ისევ ესტონეთში გრძელდება, გზას არ აქვს სასაზღვრო კონტროლი და იქ გაჩერება არ შეიძლება. ეს სასაზღვრო თავისებურება მას შემდეგ გაქრება, რაც 2014 წლის შეთანხმებას ხელს მოაწერენ და ტერიტორია ესტონეთის საკუთრება გახდება, ამის სანაცვლოდ რუსეთი საზღვართან არსებულ რამდენიმე ჰექტარ მიწას მიიღებს - მთლიანობაში ესტონეთი 126.5 ჰექტარს, ხოლო რუსეთი 125.5 ჰექტარს მიიღებს.

მხარეებს 2005 წლის შეთანხმების დეტალებზე უთანხმოება ჰქონდათ, რაზეც 2014 წელს საბოლოოდ შეთანხმდნენ, თუმცა რუსეთი ამ დრომდე ხელს არ აწერს შეთანხმებას.

კომენტარები