ვენესუელა

ხანგრძლივი უარყოფის შემდეგ მადურო იძულებული გახდა ჰუმანიტარული დახმარება მიეღო

0 კომენტარი
ფოტო: The New York Times

ვენესუელაში ჰუმანიტარული კრიზისის ხანგრძლივი უარყოფის შემდეგ 16 აპრილს მადუროს ხელისუფლებამ წითელ ჯვარს უფლება მისცა, რომ ქვეყანაში 24 ტონა სამედიცინო დახმარება შეეტანათ. წითელი ჯვრის საერთაშორისო ფედერაციის ინფორმაციით, აღნიშნული დახმარება ვენესუელას ასიათასობით მოქალაქეს დაეხმარება.

წითელი ჯვრის შეფასებით, ვენესუელაში მიმდინარე კამპანია, შესაძლოა, სირიის ომის შემდეგ უდიდესი დახმარება გახდეს.

„დღეს ჩვენი ხალხისთვის ჰუმანიტარული დახმარების პირველი ნაკადი შემოვიდა,“ - აღნიშნა ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ენრიკე კაპრილესმა თავის Twitter-ის გვერდზე.

„ვენესუელელთა წნეხის, დროებითი პრეზიდენტის ხუან გუაიდოსა და ლეგიტიმური ეროვნული ანსამბლეის წყალობით ეს რეალობაა,“ - თქვა კაპრილესმა.

აშშ-ს სენატორმა მარკო რუბიომ თქვა, რომ ჰუმანიტარული კრიზისი, როგორც ყოველთვის, ომისა და ბუნებრივი კატაკლიზმების შედეგია, თუმცა ვენესუელას შემთხვევაში ეს მთავრობის პოლიტიკამ და კორუფციამ გამოიწვია.

გაეროს ანგარიშის მიხედვით, ვენესუელას მოსახლეობის ¼ საკვები და სამედიცინო დახმარების მიღების საჭიროება გააჩნიათ. ეს რიცხვი, დიდი ალბათობით, გაიზრდება. ყოველდღე ვენესუელას, საშუალოდ, 5500 ადამიანი ტოვებს, რაც ყველაზე დიდი მიგრაციული კრიზისია.

ვენესუელელებმა 2017 წელს საშუალოდ 11 კილოგრამი დაიკლეს წონაში; ჰიპერინფლაციის ფონზე თვიური შემოსავალი მხოლოდ რამდენიმე დღე ყოფნის ოჯახებს; ქვეყანაში სუფთა წყალზე წვდომა ფუფუნებაა; ინფექციური დაავადებები, როგორიც არის მალარია, წითელა და დიფტერია - ხშირია; ვენესუელაში ელემენტარული სამედიცინო საშუალებების დეფიციტია, მოქალაქეები აუცილებლობის შემთხვევაში მეზობელ ეკვადორში ან კოლუმბიაში ეძებენ წამლებს; ადამიანების გატაცება ხშირი მოვლენაა; 2015 წელს მსოფლიოში ყველაზე მაღალი მკვლელობის მაჩვენებელი კარაკასში იყო - ყოველ 100 000 ადამიანზე 120 მკვლელობა; დაახლოებით სამ მილიონზე მეტმა ვენესუელელმა ქვეყანა უკვე დატოვა; ქვეყნის ბიუჯეტიდან ერთ ტრილიონზე მეტი გაქრა - ზოგი უსარგებლო სოციალურ პროგრამებში დაიხარჯა, დანარჩენი მაღალჩინოსანთა ანგარიშზე აღმოჩნდა; 2018 წლის ნოემბერში წლიურმა ინფლაციის დონემ 12 თვეში 1 300 000%-ს მიაღწია.

შეგახსენებთ, რომ ჰუმანიტარული დახმარება ნიკოლსს მადუროსა და ვენესუელას ოპოზიციის პოლიტიკური დაპირისპირების საგანი იყო. ნიკოლას მადურო ამ დრომდე არ აღიარებდა, რომ ქვეყანაში ჰუმანიტარული კრიზისია და დახმარების მიწოდებას აშშ-ის მიერ ორკესტრირებულ შოუს უწოდებდა.

ნიკოლას მადურო უარს ამბობდა ჰუმანიტარული დახმარების მიღებაზე და მის დასაბლოკად კოლუმბიასთან და ბრაზილიასთან საზღვრებიც კი ჩაკეტა. ის ამბობდა, რომ ვენესუელა ჰუმანიტარულ დახმარებას სხვა ქვეყნებისგან იღებდა, მათ შორის რუსეთისგან, თუმცა განმარტა, რომ ეს დონაცია არაა და ამ "დახმარებისათვის" ვენესუელამ გადაიხადა. ვენესუელაში ორი რუსული სამხედრო თვითმფრინავიც ჩავიდა.

ოპოზიციონერმა და დროებითმა პრეზიდენტმა ხუან გუაიდომ სამხედრო ძალებს სთხოვა ხელი არ შეეშალათ ჰუმანიტარული დახმარებისთვის. "ძმებო, შემოუშვით დახმარება. უზურპაციის დასასრული იქნება შიმშილის დასასრული" - თქვა მან. გუაიდოს თქმით, საკვებისა და მედიკამენტების დეფიციტის გამო 250-დან 300 ათასამდე ვენესუელელი სიკვდილის პირასაა.

ოპოზიციის ლიდერი, ხუან გუაიდო 50-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის ბრაზილიამ, კანადამ, არგენტინამ, კოლუმბიამ, საქართველომ, საფრანგეთმა, ესპანეთმა, გერმანიამ, ბრიტანეთმა, პორტუგალიამ, შვედეთმა, დანიამ, ავსტრიამ, ჰოლანდიამ და ასევე ევროპარლამენტმა ვენესუელის გარდამავალ პრეზიდენტად ცნეს. გუაიდო პრეზიდენტად აღიარა აშშ-ში ვენესუელის უმაღლესმა სამხედრო წარმომადგენელმა ხოსე ლუის სილვამაც. ნიკოლას მადუროს რეჟიმს კი მხარს რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი, სირია და კუბა უჭერენ.

 

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შალვა შავგულიძე

კომენტარები