საგარეო ვაჭრობა

იანვარ-მარტში ევროკავშირში ქართული საქონლის ექსპორტი 6.4%-ით შემცირდა

Getty Images

საქსტატი აქვეყნებს 2019 წლის პირველი სამი თვის დეტალურ მონაცემებს საქართველოს საგარეო ვაჭრობაზე, რომლის მიხედვითაც იანვარ-მარტში საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში 196 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროდუქცია გავიდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეს 6.4%-ით ნაკლებია.

ევროკავშირიდან იმპორტი 17.8%-ით შემცირდა და 502.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

იანვარ-მარტში მთლიანი ექსპორტი წლიურად 12.8%-ით გაიზარდა, რაც დიდწილად დსთ-ს ქვეყნებზე მოდის. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დსთ-ს ქვეყნებში 37.4%-ით გაიზარდა ექსპორტი.

ჯამში, დსთ-ს ქვეყნების წილი მთლიან ექსპორტში 50.4% იყო, ევროკავშირისა კი 23.7%.

მთლიან იმპორტში დსთ-ს ქვეყნების წილმა 29.1% შეადგინა, ევროკავშირისამ - 25.3%.

უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება:

  • რუსეთი - მთლიანი ექსპორტის 16.4%
  • აზერბაიჯანი - 10.3%
  • ბულგარეთი - 8.2%
  • სომხეთი - 7.6%
  • უკრაინა - 7.5%

ყველაზე მეტი საქონელი იანვარ-მარტში შემდეგი ხუთი ქვეყნიდან შემოვიდა:

  • თურქეთი - მთლიანი იმპორტის 16%
  • ჩინეთი - 11.2%
  • რუსეთი - 9.7%
  • აზერბაიჯანი - 9.5%
  • აშშ - 4.7%

ჯამში, საქართველოს ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორი ისევ თურქეთი იყო, მთლიანი ბრუნვის 13.3%-ით. მას მოსდევენ რუსეთი 11.6%-ით და აზერბაიჯანი 9.7%-ით.

კომენტარები