პოლიეთილენის პარკები

მთავრობამ პოლიეთილენის პარკების მწარმოებლებს სესხები დაუფინანსა, შემდეგ პარკები აკრძალა

flickr.com

სახელმწიფო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, მთავრობამ შეღავათიანი კრედიტები გასცა პოლიეთილენის მწარმოებელ კომპანიებზე, 1 აპრილიდან კი ძალაში შევიდა რეგულაცია, რომელიც პოლიეთილენის პარკების რეალიზაციას კრძალავს.

კომპანია "აა პლასტის" და პოლიმერული დარგის მწარმოებელთა ასოციიაციის წარმომადგენელმა მელიტა პატარიძემ 12 აპრილს გამართულ საპარლამენტო განხილვაზე თქვა, რომ მისი კომპანიის ვალდებულებები 350 ათას ევროს აჭარბებს.

"მეწარმეებმა ისარგებლეს იმ პროექტით, რომელიც თავად სახელმწიფომ შემოგვთავაზა" - განაცხადა პატარიძემ პარლამენტში.

"ჩვენ წარვადგინეთ პროექტი დანადგარის შესახებ, რომელიც გვესაჭიროებოდა პოლიეთილენის წარმოებისთვის. თუკი დავუშვათ ჩვენ, მეწარმეებმა, გამოვიჩინეთ გულგრილობა, რატომ არ გააფრთხილა სახელმწიფომ შესაბამისი საბანკო სისტემა იმის თაობაზე, რომ მსგავსი კრედიტები დაკმაყოფილებული არ იქნებოდა, რადგან მინიმუმ ორი წლის განმავლობაში პოლიეთილენის წარმოება აიკრძალებოდა ქვეყანაში? როგორ შეიძლება საკრედიტო დავალიანება გადავფაროთ, თუკი პოლიეთილენის დანადგარები, რომლებიც შეძენილი გვაქვს ამოღებული და გაუქმებული იქნება?"

სახელმწიფო პროგრამის "აწარმოე საქართველოში"-ს ფარგლებში, მთავრობა კერძო კომპანიების მიერ აღებული სესხების სუბსიდირებას ახდენს. გარდა ამისა, მოქმედებს ორწლიანი საშეღავათო პერიოდი.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 ოქტომბერს მიღებული დადგენილებით, თავდაპირველად გარკვეული სისქის პოლიეთილენის პარკების გავრცელება აიკრძალა, 2019 წლის პირველი აპრილიდან კი ყველანაირი ზომის. მაღაზიები ვალდებულები იქნებიან, ბიოდეგრადირებად და კომპოსტირებად პარკებზე გადავიდნენ. პარკების მწარმოებელ კომპანიებში აცხადებენ, რომ გადაიარაღება მნიშნველოვან ხარჯებთანაა დაკავშირებული და რეგულაციების ამოქმედების გადავადებას ითხოვენ.

კომენტარები