ლიბერთი ბანკის დაყაჩაღება

შსს: ლიბერთი ბანკის დაყაჩაღებისთვის სამი პირი დავაკავეთ, სამივე წარსულში ნასამართლევია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „ლიბერთი ბანკის“ დაყაჩაღების ფაქტზე 3 პირი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, გუშინ 19 აპრილს, დილით შეიარაღებულმა ნიღბიანმა პირებმა ლიბერთი ბანკის ვარკეთილის ფილიალიდან იარაღის მუქარით 2030 ლარამდე თანხა წაიღეს და მიიმალნენ. შსს-ს ინფორმაციით, სამივე დაკავებული ბრალდებული წარსულში ნასამრთლევია. 

"ყაჩაღებმა სხეულის დაზიანება მიაყენეს ბანკში მყოფ ორ მოქალაქეს, რომლებიც გადაყვანილ იქნენ საავადმყოფოში, დაშავებული მოქალაქეების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ცხელ კვალზე გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: საქმეში არსებული მოწმეთა ჩვენებებით, რომლებმაც დეტალურად აღწერეს დანაშაულის მზადების და შემდგომი
განვითარების პროცესი, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ნივთმტკიცებებით, ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით და სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისისა და იმერეთის პოლიციის თანამშრომლების მიერ ერთობლივად დაკავებულ იქნა 2000 წელს დაბადებული ნიკოლოზ ჯანიაშვილი, 1998 წელს დაბადებული გურამ ხვადაგიანი, 1998 წელს დაბადებული ამირან ლაკვახელიანი," - წერია შსს-ს განცხადებაში. 

პოლიციამ ბანკიდან გატაცებული თანხა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს. ჩადენილი დანაშაული 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები