ნათია თურნავა

ეკონომიკის ახალმა მინისტრმა 2012 წელს ნაციონალურ მოძრაობას 35 ათასი შესწირა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ახალმა მინისტრმა ნათია თურნავამ 2012 წლის 1 აგვისტოს ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 35 ათასი ლარი შესწირა.

ეს თურნავას მიერ განხორციელებული ერთადერთი პოლიტიკური შემოწირულობაა.

თურნავა ქართული ოცნების დღევანდელი მინისტრთა კაბინეტის პირველი წევრი არაა, ვინც 2012 წლის საარჩევნო კამპანიისას ნაციონალურ მოძრაობას აფინანსებდა. 2012 წლის 2 აგვისტოს, ამჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ენმ-ს 20 ათასი ლარი შესწირა.

ეკონომიკის მინისტრის პოსტზე ნათია თურნავამ გიორგი ქობულია 18 აპრილს შეცვალა. თურნავა ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ პირველად 2000 წელს დაინიშნა. მან თანამდებობა ვარდების რევოლუციის შემდეგაც შეინარჩუნა, 2006 წლის ბოლოდან კი კერძო სექტორში გადაინაცვლა. 2013 წლიდან 2018 წლამდე თურნავა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილედ მუშაობდა, ვიდრე კვლავ ეკონომიკის მინისტრის მოადგილის პოსტს დაუბრუნდებოდა.

შეგახსენებთ, რომ პოლიტიკური პარტიებისათვის განხორციელებული შემოწირულობები საჯაროა. მათი ნახვა საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს მიერ შექმნილი ვებ-პლატფორმის საშუალებითაა შესაძლებელი.

კომენტარები