უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნები 2019

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატებმა სტადიონზე გამართეს დებატები

RFE/RL

19 აპრილს უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გასული კანდიდატები კიევის ოლიმპიურ სტადიონზე გამართულ დებატებში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. დებატებს ათი ათასობით მაყურებელი დაესწრო.

კანდიდატებმა დებატები ერთმანეთის კრიტიკით დაიწყეს - პოროშენკომ ზელენსკის არაკომპეტენტურობის შესახებ და რუსეთისგან მომდინარე საფრთხეზე ილაპარაკა, ხოლო ზელენსკიმ რეფორმების ნაკლებობაზე გაამახვილა ყურადღება და მოქმედი პრეზიდენტი კორუფციაში დაადანაშაულა.

პოროშენკომ აღნიშნა, რომ არაკომპეტენტურობა უდიდესი რისკია და ზელენსკი მომავლის ხედვის ფაქტობრივად არარსებობის გამო გააკრიტიკა.

“თქვით, რომ აქ სასწავლად მოხვედით, მაგრამ თქვენ გამოუცდელ ექიმს ან პილოტს ენდობით..?! ხალხის უფლებაა იცოდეს, თუ რას გააკეთებს ომის დროს ქვეყნის ლიდერი. პუტინის ოცნებაა უკრაინა რუსეთის იმპერიის ნაწილი გახადოს, თუმცა თუ ზელენსკიმ არ იცის, თუ როგორ უნდა შეეწინააღმდეგოს ამას, ეს უბედურება იქნება უკრაინისთვის. ომს ნიჭიერი მსახიობები ვერ წარუძღვებიან, ძალიან მაღალი ფასის გადახდა მოგვიწევს. ყველაფრის მიუხედავად, არ უნდა წავაგოთ ჩვენი ქვეყანა.”

ომზე საუბრისას ზელენსკიმ მოქმედ პრეზიდენტს უთხრა, რომ მას უნდა ეპასუხა, თუ რატომ მიმდინარეობდა ომი.

ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ პრობლემებზე საუბრისას ზელენსკიმ პოროშენკოს ჰკითხა, როგორ შეიძლებოდა ღარიბ ქვეყანას ჰყოლოდა ასეთი მდიდარი პრეზიდენტი - “მე უბრალო კაცი ვარ, რომელსაც სისტემის დანგრევა სურს, მე თქვენი შეცდომებისა და დაპირებების შედეგი ვარ… პრეზიდენტი არ უნდა იყოს ოლიგარქი, ის ხალხს უნდა წარმოადგენდეს.”

უკრაინაში არსებულ კორუფციაზე საუბრისას მოქმედმა პრეზიდენტმა ზელენსკის უთხრა, რომ არცერთ მის მეგობარს კორუფციასთან კავშირი არ ჰქონდა, -“ჩემი პრეზიდენტობის დროს მეტს მივაღწიეთ, ვიდრე დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ პერიოდში… საერთაშორისო თანადგომა შევკრიბეთ და ევროკავშირისკენ ავიღეთ გეზი, რუსული ბაზრები დასავლურით ჩავანაცვლეთ.”

ზელენსკიმ პოროშენკოს ბრალდებებს რუსეთთან კავშირზე, გადასახადების დამალვასა და “ოლიგარქ მეგობრებზე” უპასუხა, რომ 2014 წლის შემდეგ მან რუსეთთან კავშირი გაწყვიტა, მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში კი, სხვა პირს მასზე გავლენა არ ექნებოდა, - “უკრაინამ ევროპა აირჩია. მე არ ვარ მოსე. როგორც პრეზიდენტი მე უკრაინელი ხალხის ევროპულ არჩევანს დავიცავ.”

შეგახსენებთ, რომ პოროშენკომ ზელენსკი დებატებზე არაეთხელ მოიწვია, თუმცა ზელენსკისთვის მხოლოდ აღნიშნულ დროს სტადიონზე გამართული დებატების ფორმატი იყო მისაღები.

კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ ჩატარებული უკანასკენლი გამოკითხვის შედეგებით, მათგან, ვისაც გადაწყვეტილი აქვს, ხმას ვის მისცემს, 72.2% მხარს ზელენსკის დაუჭერს, 25.4% კი - პოროშენკოს.

გამოკითხვის შედეგებით, ზელენსკი უკრაინის ყველა რეგიონში ლიდერობს, თუმცა ყველაზე მეტი ადამიანი სამხრეთ და აღმოსავლეთ რეგიონებიდან უჭერენ მხარს. დონბასში ზელენსკის მხარდაჭერა 91.4%-ია.

კომენტარები