ტრეფიკინგი

ზუგდიდის კლინიკაში შეყვანილი 10 ბავშვის საქმეზე შსს-მ გამოძიება ტრეფიკინგის მუხლით დაიწყო

ზუგდიდის საავადმყოფოში ინტოქსიკაციის ნიშნებით შეყვანილი ათი ბავშვის საქმეზე შსს-მ გამოძიება ტრეფიკინგის მუხლით დაიწყო. უწყების ინფორმაციით, უკრაინის მოქალაქე ქალი 10 მცირეწლოვან  ბავშვთან ერთად საქართველოში 2019 წლის 8 აპრილს ჩამოვიდა. საბუთების მიხედვით. ყველა ბავშვი მისი შვილია, თუმცა როგორც შსს-ში ამბობენ, იმან, რომ 10-დან 4 ბავშვი 2017 წელს არის დაბადებული გააჩინა ეჭვი, რომ არსებობდა ტრეფიკინგის ნიშნები.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში შემოსული ინფორმაციის თანახმად, 2019 წლის 8 აპრილს მოსკოვი-თბილისის რეისით საქართველოში ჩამოვიდა უკრაინის მოქალაქე, რომელსაც თან ახლდა 10 მცირეწლოვანი ბავშვი. სამინისტროს ხელთარსებული დოკუმენტაციის მიხედვით, 10-ვე ბავშვი ამ ქალბატონის შვილია. აღნიშნული ქალბატონი აპირებდა საქართველოდან აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას. 10 მცირეწლოვანი ბავშვიდან 4 დაბადებულია 2017 წელს. ვინაიდან აღნიშნულმა ფაქტმა გააჩინა საფუძვლიანი ეჭვი, რომ აღნიშნული შეიცავდა ტრეფიკინგის ნიშნებს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება სსკ-ის 143 პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით (ადამიანით ვაჭრობა - ტრეფიკინგი), რის ფარგლებშიც ტარდება აქტიური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები, რათა დადგინდეს ხომ არ აქვს ადგილი ადამიანებით ვაჭრობის ფაქტს. გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს აქტიური თანამშრომლობა უცხოელ პარტნიორებთან," - წერია შსს-ს განცხადებაში. 

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში უცხოეთის მოქალაქე 10 არასრულწლოვანი დღეს შეიყვანეს. საავადმყოფოს ექიმის თქმით, ათივე მათგანს კვებითი ინტოქსიკაცია აღენიშნება.

კომენტარები