ვენესუელა

ხუან გუაიდომ მადუროს გადასაყენებლად "ვენესუელას ისტორიაში უდიდესი აქცია" დააანონსა

GETTY IMAGES

19 აპრილს ვენესუელას ოპოზიციის ლიდერმა და დროებითმა პრეზიდენტმა ხუან გუაიდომ მადუროს გადასაყენებლად 1 მაისს "ისტორიაში უდიდესი აქცია“ დააანონსა.

"მათ უნდა მოუსმინონ ხალხს, რომელიც ამბობს: კმარა... ჩვენ მოვუწოდებთ ყველას, რომ ვენესუელას ისტორიაში უდიდეს საპროტესტო აქციას შემოუერთდნენ, რათა ეს ტრაგედია და ხელისუფლების უზურპაცია დასრულდეს," - გუაიდომ კარაკასში შეკრებილ მოსახლეობას უთხრა.

აშშ-ს სენატორი მარკო რუბიო Twitter-ზე გამოეხმაურა გუაიდოს გადაწყვეტილებას - "1-ლ მაისს ხუან გუაიდო წარუძღვება აქციას, რომელიც, შესაძლოა, ვენესუელაში მადუროს რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში გადამწყვეტი მომენტი აღმოჩნდეს. კონსტიტუციის დაცვით ვენესუელას შეიარაღებულმა ძალებმა მომიტინგეები მადუროს მოძალადე, შეიარაღებული ბანდისგან უნდა დაიცვან."

ოპოზიციის შეკრების ერთ-ერთი დამსწრეს ილეიდი ვარგასის თქმით, "ის მარტო არ არის... ყოველდღე ჩვენ უფრო წინ მივდივართ, უკან დასახევი გზა არ არის. შეიძლება ეს ხვალ არ მოხდეს, თუმცა მალე მოხდება."

შეკრების ადგილი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა 19 აპრილს ზოგიერთი დამსწრეს შეთავაზებით, აქცია, შესაძლოა, საპრეზიდენტო სასახლესთან გაიმართოს.

შეგახსენებთ, რომ 23 იანვარს ვენესუელელმა ოპოზიციონერმა და ნაციონალური ანსამბლეის ლიდერმა ხუან გუაიდომ თავი ქვეყნის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ტრამპმა გუაიდო ქვეყნის ლეგიტიმურ ლიდერად აღიარა.

აშშ-ს აღაირების შემდეგ ოპოზიციის ლიდერი, ხუან გუაიდო 50-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის ბრაზილიამ, კანადამ, არგენტინამ, კოლუმბიამ, საქართველომ, საფრანგეთმა, ესპანეთმა, გერმანიამ, ბრიტანეთმა, პორტუგალიამ, შვედეთმა, დანიამ, ავსტრიამ, ჰოლანდიამ და ასევე ევროპარლამენტმა ვენესუელის გარდამავალ პრეზიდენტად ცნეს. გუაიდო პრეზიდენტად აღიარა აშშ-ში ვენესუელის უმაღლესმა სამხედრო წარმომადგენელმა ხოსე ლუის სილვამაც. ნიკოლას მადუროს რეჟიმს კი მხარს რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი, სირია და კუბა უჭერენ.

ვენესუელელებმა 2017 წელს საშუალოდ 11 კილოგრამი დაიკლეს წონაში; ჰიპერინფლაციის ფონზე თვიური შემოსავალი მხოლოდ რამდენიმე დღე ყოფნის ოჯახებს; ქვეყანაში სუფთა წყალზე წვდომა ფუფუნებაა; ინფექციური დაავადებები, როგორიც არის მალარია, წითელა და დიფტერია - ხშირია; ვენესუელაში ელემენტარული სამედიცინო საშუალებების დეფიციტია, მოქალაქეები აუცილებლობის შემთხვევაში მეზობელ ეკვადორში ან კოლუმბიაში ეძებენ წამლებს; ადამიანების გატაცება ხშირი მოვლენაა; 2015 წელს მსოფლიოში ყველაზე მაღალი მკვლელობის მაჩვენებელი კარაკასში იყო - ყოველ 100 000 ადამიანზე 120 მკვლელობა; დაახლოებით სამ მილიონზე მეტმა ვენესუელელმა ქვეყანა უკვე დატოვა; ქვეყნის ბიუჯეტიდან ერთ ტრილიონზე მეტი გაქრა - ზოგი უსარგებლო სოციალურ პროგრამებში დაიხარჯა, დანარჩენი მაღალჩინოსანთა ანგარიშზე აღმოჩნდა; 2018 წლის ნოემბერში წლიურმა ინფლაციის დონემ 12 თვეში 1 300 000%-ს მიაღწია.

კომენტარები