დაპირისპირება პანკისში

ეკონომიკის სამინისტრო: ის ჰესები, რომლებიც უნდა აშენდეს, უნდა აშენდეს

ის ჰესები რომლებიც უნდა აშენდეს დღეს, უნდა აშენდეს - ასე ეხმაურებიან ეკონომიკის სამინისტროში ჰესების მშენებლობის შესახებ პანკისის ხეობაში მიმდინარე მოვლენებს .

როგორც ენერგეტიკის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩიქოვანმა, თქვა, პანკისის მოსახლეობის ძირითადი ნაწილი დადებითად არის განწყობილი ხადორი 3-ის ჰესის მშენებლობაზე. 

"ერთი წელია მოსახლეობასთან მიმდინარეობს ახსნა განმარტება, თუ რა შედეგები შეიძლება მოიტანოს, ხადორ ჰესის მშენებლობამ და მოსახლეობის ძირითადი ნაწილი დადებითად არის განწყობილი ჰესის მშენებლობაზე, თუმცა არიან ადამიანები, რომლებსაც სჭირდებათ განმარტებები და სწორედ ამაზე მიმდინარეობს მუშაობა დღეს. ის ჰესები რომლებიც უნდა აშენდეს დღეს, უნდა აშენდეს. მოსახლეობას რა თქმა უნდა გავითვალისწინებთ, ყველა მათ მოსაზრებას მაგრამ უკანონო ქმედებას არ დავუშვებთ",- ამბობს ჩიქოვანი. 

მისივე თქმით, ენერგეტიკის და გენერაციის ობიექტების მშენებლობა ქვეყნის ენერგეტიკის სტრატეგიის ფუნდამენტალური ნაწილია.

"მზის, ქარის და ჰიდროენერგეტიკული სადგური მშენებლობის გარეშე ჩვენი ეკონომიკის წინსვლა წარმოუდგენელია ვინაიდან ეს ვერ უზრუნველყოფს  ჩვენ ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას და ენერგეტიკულ უსაფრთხოებას. რაც შეეხება ხადორ 3-ს, არ აქვს რეზერვუარი,შესაბამისად არის სუფთა მწვანე ენერგიით და მას არ აქვს არანაირი, მინიმალური ზეგავლენა გარემოზე",- აღნიშნა მან.

პანკისის ხეობაში მოსახლეობა ჰესების მშენებლობას აპროტესტებს. ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმი. სპეცდანიშნულების რაზმსა და პოლიციას შორის რამდენჯერმე მოხდა დაპირისპირება. პოლიციამ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. მოსახლეობამ მათ ქვები დაუშინა. ადგილობრივებმა დაწვეს ტრაქტორი, რომელიც ჰესის მშენებლობის ადგილზე მუშაობდა. 

კომენტარები