ვითარება პანკისში

ომბუდსმენი პანკისზე: ორივე მხარეს მოლაპარაკებების რეჟიმში გადასვლისკენ მოვუწოდებ

სახალხო დამცველის აპარატი

სახალხო დამცველი პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და ისევე, როგორც პანკისის მოსახლეობას, შინაგან საქმეთა სამინისტროსაც მოლაპარაკების რეჟიმში გადასვლისკენ მოუწოდებს. 

ამის შესახებ ნინო ლომჯარიამ Facebook-ზე დაწერილ პოსტში ისაუბრა. 

"უკიდურესად შემაშფოთებელია პანკისის ხეობაში მიმდინარე პროცესები! მოვუწოდებ ორივე მხარეს მოლაპარაკებების რეჟიმში გადასვლისკენ და საკითხის მოლაპარაკებების ფორმატში გადაჭრისკენ! უნდა გაგრძელდეს დიალოგი სახელმწიფოსა და მოსახლეობას შორის, მნიშვნელოვანია მოსახლეობის როგორც ინფორმირება, ასევე, მათი აზრის მოსმენა. მზად ვარ ადგილზე შევხვდე დაპირისპირებულ მხარეებს. ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია, არ მოხდეს დაპირისპირების გაღრმავება და დაცული იყოს ადამიანების უსაფრთხოება!" - წერს ომბუდსმენი. 

პანკისის ხეობაში ვითარება დღეს დილით დაიძაბა. მოსახლეობა ჰესის მშენებლობას აპროტესტებს, რასაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხეობაში სპეციალური დანიშნულების რაზმის შეყვანით უპასუხა. 

პოლიცია რეზინის ტყვიებსა და ცრემლსადენ გაზს იყენებდა, ადგილობრივები კი პოლიციელებს ქვებს ესროდნენ. ამავდროულად, მიმდინარეობდა ჰესის მშენებლობაც. მოსახლეობამ კი, ის ტრაქტორი დაწვა, რომელიც მშენებლობაზე მუშაობდა. 

პანკისის ხეობაში ჩავიდა შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარიაც, რომელმაც თქვა, რომ "მოხდა გარკვეული ექსცესი, რის გამოც დაიძაბა სიტუაცია და მოვერევით, ყველაფერს მივხედავთ ისე როგორც საჭირო".

ამ დროისთვის შს სამინისტროსა და მოსახლეობას შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. 

გავრცელებული ინფორმაციით არიან დაშავებულებიც

კომენტარები