ვითარება პანკისში

თავდემები: მივმართავთ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ძალისმიერი მოქმედება პანკისში

ტაბულა

"მივმართავთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ყოველგვარი ძალისმიერი მოქმედება პანკისის ხეობაში," -  თავისუფალი დემოკრატები პანკისის ხეობაში განვიტარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. განცხადებაში ნათქვამია, რომ ხელისუფლების მსგავსი ქმედებები კითხვებს აჩენს. 

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება ვეღარ მალავს თავის ნამდვილ სახეს და პანკისის ხეობაში, საკუთარ მოქალაქეებს პოლიციის სპეცრაზმის, სპეცტენიკისა და ცრემლსადენი გაზის ენით ესაუბრება. მითუმეტეს უღირსია ხელისუფლების ასეთი მოქმედება იმის გათვალისწინებით, რომ ამგვარი ძალისმიერი სპეცოპერაცია ხელისუფლებამ მაშინ განახორციელა, როდესაც მისივე მოთხოვნის შესაბამისად, მიმდინარეობდა შინაგან საქმეთა და სხვა მინისტრების მოლაპარაკება პანკისის ხეობის მოსახლეობის წარმომადგენლებთან.
მოლაპარაკების წარმოების დროს არანაირი ძალისმიერი მოქმედებები არც ერთი მხარის მხრიდან არ ხორციელდება და ამ წესს ოდითგანვე იცავენ ყველა ადგილსა და სიტუაციაში. ეს წესი უღირსად დაარღვია დღეს „ქართულმა ოცნებამ“, რაც ბევრ შეკითხვას აჩენს. რატომ სურს დღევანდელ ხელისუფლებას სიტუაციის დაძაბვა და გამწვავება პანკისის ხეობაში, რასაც ის უკვე წლების მანძილზე ახორციელებს? რა მიზანს ემსახურება „ქართული ოცნების“ ასეთი უგუნური საქციელი? ეს არის მხოლოდ ამ პოლიტიკური ძალის სიბეცე და უუნარობა მართოს სახელმწიფო, თუ ჩვენი ქვეყნის გარეშე მტრის ხელიც ურევია მათ ასეთ მავნებლურ მოქმედებაში?" - წერია განცხადებაში. 

პარტია მოუწოდებს ხელისუფლებას გამოყონ სამთავრობო ჯგუფი ადგილობრივ მოსახლეობასთან რეალური მოლაპარაკებებისთვის, რათა მხოლოდ მათთან შეთანხმების პირობებში განხორციელდეს ნებისმიერი სახის სამუშოები ხეობაში და მართალი ინფორმაცია ამ მოლაპარაკების შედეგების შესახებ ამცნონ საზოგადოებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, სრული პასუხისმგებლობა სიტუაციის გამწვავების ნეგატიურ შედეგებზე არა მხოლოდ პანკისის ხეობაში, არამედ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას და მათ ხელმძღვანელს, ბიძინა ივანიშვილს დაეკისრება.

პანკისის ხეობაში მოსახლეობა ჰესების მშენებლობას აპროტესტებს. ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმი. სპეცდანიშნულების რაზმსა და პოლიციას შორის რამდენჯერმე მოხდა დაპირისპირება. პოლიციამ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. მოსახლეობამ მათ ქვები დაუშინა. ადგილობრივებმა დაწვეს ტრაქტორი, რომელიც ჰესის მშენებლობის ადგილზე მუშაობდა. 

 

კომენტარები